“ნაციონალები” ზუგდიდში ერთმანეთს “სუს”-ის აგენტებად მოიხსენიებენ – ოპოზიციური პარტია დაშლის ზღვარზეა

0

ეეეეჰ, ვწუხვარ და მენანება…არ გამოვა არაფერი ასეეეე!”-ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, თემურ ბასილაია სოციალურ ქსელში დარჩენილ “ნაციონალებს შორის მორიგ დაპირისპირებას. დაპირისპირება, რომელიც უკვე აქტიურ ფაზაშია შესული და სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებასა და დაბლოკვის სერიებს მოიცავს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილების შემდეგ დარჩენილი მცირე ჯგუფიც ერთმანეთს უპირისპირდება და ფაქტიურად ზუგდიდში აღნიშნული პარტიის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მორიგი დაპირისპირების ტალღა პრეზიდენტყოფილის მიერ კურთხეულ პარტიაში თავმჯდომარის არჩევის წესებმა განაპირობა. ზუგდიდის ადგილობრივ ორგანიზაციაში აღნიშნულ პოსტს ორივე ბანაკის ფავორიტები უმიზნებს. ერთ-ერთს, ახალაია-ქარდავა-ქობალიას ჯგუფს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ლაშა მაქაცარია წარმოადგენს, რომელსაც “ცენტრისტების” იმედი აქვს, ხოლო მეორე ჯგუფის ფავორიტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან კონჯარიაა. კონჯარიას არჩევის იმედი პარტიული აქტივისგან აქვს. როგორც თავად აცხადებენ, მათ უფრო მეტი მხარდამჭერი ყავთ, ვიდრე მაქაცარიას გუნდა, თუმცა მათთვის მთავარია რას გადაწყვეტს ცენტრი, მისცემენ თუ არა აქტივს თავმჯდომარის არჩევის თავისუფლებას.

ყველაზე საინტერესო ამ ორომტრიალში ის არის, რომ ორივე ჯგუფის აქტივისტები ერთმანეთს იდენტურ ბრალდებებს უყენებენ. ერთ-ერთი და მთავარი ბრალდება, რითაც ისინი მანიპულირებენ, სუსის აგენტობაა. მოპირისპირე ჯგუფის წევრები, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრ ანა წითლიძეს სუსის აგენტობასთან ერთად ყოფილი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას დაკვეთების შესრულებასაც აბრალებენ. თავად გოროზიას კი ხელისუფლების ქოლგის ქვეშ შეფარებულ ფიგურანტად მიიჩნევენ.

“ყველგან გოროზია რატომ გელანდებათ? აქტივზეა აქ საუბარი და არა გოროზიაზე! თან ზუგდიდის აქტივზე!”-საკრებულოს “ნაციონალი” წევრი ანა წითლიძე მხოლოდ ამდაგვარი სტატუსებით თუ კომენტარებით იგერიებს მომხდურთ.

წითლიძეს მოპირისპირე ჯგუფისგან განსხვავებით ნაკლები დრო რჩება სოციალურ ქსელში საკამათოდ. ის ცდილობს აქტივზე იმუშაოს და საკუთარი კოზირი ამ გზით დადოს. სწორედ მისი და მის მიერ ფორმირებული ჯგუფის ძალისხმევით დღეს ის აქტივი შეიკრიბა, რომელმაც უნდა განსაზღვროს მომავალი თავმჯდომარის ბედიც და ვინაობაც. მას იმედი აქვს, რომ პარტიის ცენტრალური ოფისი არ ჩაერევა რაიონული ორგანიზაციის შიდა სამზარეულოში და ნებას დართავს თავად აირჩიონ ლიდერიც. ლიდერად კი წითლიძეს, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ლევან კონჯარია მიაჩნია.

“ზუგდიდის აქტივმა დღეს თვითონ გასცა პასუხი კითხვებს. წესით, შეხვედრაზე დამსწრე მავანთათვის ცხადი უნდა ყოფილიყო ბევრი რამ. ეს არის აქტივის განწყობა ზუგდიდში. (არა ფეიკ გვერდების და 5-6 ტენდენციური ფბ მომხმარებლის) არსებობს შეხვედრის სრული ჩანაწერი, დაფიქსირებული პოზიციებით.

რეგიონული და რაიონული კონფერენციები უნდა ჩატარდეს დროზე რომ ზუგდიდის ენმ იყოს ისეთი ძლიერი როგორც არასოდეს. ყველაზე სწორი ღირებულებების აქტივი ჰყავს ზუგდიდის! რაც არ უნდა სიბინძურე მოახვიონ მაინც ზუსტად შეუძლიათ განსაზღვრონ სად მართალია და სად ტყუილი”-წერს სოციალურ ქსელში ანა წითლიძე.

ანა წითლიძეს სოციალურ ქსელში ბრალდებით ეხმაურება მეგის ქარდავას მეგობარი და თანამებრძოლი, ყოფილი პოლიციელი გიორგი სამუშია. საკრებულოს წევრს ყოფილი ძალოვანი პირდაპირ სუსთან კავშირში ადანაშაულებს. უფრო მეტიც, გიორგი სამუშია დაუდასტურებელი ფაქტებით ანა წითლიძეს “ტყის ძმების” მეთაურთან, დავით შენგელიასთან ალიანსში ამხელს.

“ვართ თუ ღირსი ვიცოდეთ ყველაფერი? დადგნენ ეხლა შეკრიბონ აქტივი და აუხსნან ყველაფერი,მე ახსნა არ მჭირდება ისედაც ბევრი რამ ვიცი,აგრეთვე მოყვეს წითლიძე საჯაროდ რა საქმე ჰქონდა “ტყის ძმების” ყოფილ მეთაურ დავით შენგელიასთან და რაზე ესაუბრა მას ტელეფონით. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი დანარჩენი მოგვიანებით. გმადლობთ ყურადღებისთვის”-წერს სოციალურ ქსელში გიორგი სამუშია.

კონკრეტული პასუხი, კონკრეტულ ბრალდებებზე ანი წითლიძეს გიორგი სამუშიასთვის ჯერჯერობით არ გაუცია. როგორც თავად სამუშია წერს, საკრებულოს წევრმა ყოფილი ძალოვანი საკუთარ გვერდზე დაბლოკა.

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივის შეხვედრა ჯერ 17, შემდეგ კი 20 თებერვალს დაანონსდა. შეკრებაზე პარტიის აქტივს ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩია, თუმცა როგორც smo news-თვის გახდა ცნობილი “ნაციონალური მოძრაობა”ზუგდიდში კიდევ დიდხანს არ შეიკრიბება, რადგან შიდაპარტიულ არევ-დარევას ბოლო არ უჩანს. პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ შეკრებამდე და ახალი თავმჯდომარის არჩევამდე “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში შესაძლოა დაიშალოს.

 

სხვა ახალი ამბები: