“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს ზუგდიდში სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

0

ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის გვერდით მიმდინარე მშენებლობა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძემ ადგილზე გააპროტესტა. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა ზუგდიდის მერიაში უკანანოდ გაიცა და ის ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

„შენობა, რომელიც აქ შენდება, არის უკანანო და კიდევ ერთი კორუფციული გარიგების შედეგი, რომელსაც მერი ირაკლი გოგოხია ახორციელებს. მან ნებართვა თავის მეგობრაზე ნიკო ქანარიაზე უკანონოდ გასცა“, – თქვა წითლიძემ.

მშენებარე ობიექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის “თანადგომა“ ერთ-ერთ წევრს ნიკო ქანთარიას ეკუთვნის. ქანთარია ამბობს, რომ მან აღნიშნული ტერიტორია 30 წლის წინ შეიძინა და ახლა ორსართულიან შენობას საოფისედ აშენებს.

„დიდი ხანია შევიძინე ეს მიწა, მაგრამ მშენებლობის ნებართვა მხოლოდ ახლა მომცეს…მერიიდან მაქვს ნებართვა იმისა, რომ აქ ავაშენო საოფისე ფართი. ამასთან, მაქვს მოსახლეობის ხელმოწერაც“, – განაცხადა მან.

ოპოზიციური პარტიის წევრის გამოჩენამ ბინათმესკუთრეთა ამხანაგობის წევრები გააღიზიანა და ისინი დეპუტატს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, თითეულ მათგანს აქვს ნებართვა ამ ტერიტორიაზე საოფისე ფართები და ფარეხები ააშენოს. მათ წითლიძეს უთხრეს, რომ არ აპატიებენ, თუ მისი ჩარევით აღნიშნული მშენებლობა გაჩერდება.

ყოფილი მმართველი პარტიის წევრის ბრალდებებს უარყოფენ ქალაქ ზუგდიდის მერიაში და აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით დაიწყო და ქალაქის იერსახეს არ ამახინჯებს.

„მშენებლობა ვერ დაიწყებოდა ბინათმესაკუთრეთა ხელმოწერების გარეშე. არსებობს კომპეტენტური ადამიანებისა და არქიტექტორების დასკვნები. მეგობრის გამო ნებართვის გაცემაზე კომენტარის გაკეთება ჩვენი მხრიდან არასერიოზულია. მერთან მეგობრობა, ნაცნობობა, ურთიერთობა ავტომატურ რეჟიმში არ გულისხმობს კანონიერი მშენებლობის ნებართვაზე პასუხის არგაცემას“,- განუცხადა ჟურნალისტებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ.

სხვა ახალი ამბები: