“ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია ზუგდიდში ლანძღვა-გინების ფონზე ჩატარდა (ექსკლუზიური კადრები)

0

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში გამართულმა კონფერენციამ დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. პარტიის ოფისიდან ისმოდა ლანძღვა-გინება, თუმცა ჟურნალისტებს პარტიის აქტივმა კარები ჩაუკეტა. მიუხედავად ყველაფრისა საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS-მა კონფერენციის შიდა კადრები მოიპოვა, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.

პარტიის წევრების თქმით, დაპირისპირება, რომელიც „ენმ“-ის დელეგატებს შორის სხდომის დაწყებისას მოხდა, დემოკრატიის ნიშანია, რადგან ჯანსაღი კამათის შემდეგ პარტიის სასარგებლოდ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

„ერთი მხრივ, ეს ცოცხალი პროცესია, როდესაც პოლიტიკური დუღილია პარტიაში, მეორე მხრივ კი, როცა ემოციები სჭარბობს და დაპირისპირებამდე მიდის საქმე, ეს არ გვსიამოვნებს. დღეს კი ყველაფერი მშვიდობიანად და დემოკრატიული არჩევნებით დასრულდა“, – აღნიშა „ენმ“-ის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

ანა წითლიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სამეგრელოში პოლიტსაბჭოს წევრთა არჩევამ ვნებათაღელვა გამოიწვია, პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამეგრელოს კვოტა 2-ით გაზრდილიყო.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ სკაიპ-კონფერენციით პარტიის წარმომადგენლებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო და არჩეულ კანდიდატებს პოლიტსაბჭოს წევრობა მიულოცა.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში პოლიტსაბჭოს წევრების არჩევამდე ხმაური და დაპირისპირება იყო. მოგვიანებით, აქ თბილისიდან პარტიის ლიდერები: ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, სამირა ისმაილოვა და ხატია დეკანოიძე ჩამოვიდნენ.

სხვა ახალი ამბები: