„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ

0

ზედა ეწერში არსებული მიწის ფართობის მფლობელები „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ნატაშა აფხაზავას შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებენ. მესაკუთრეების, მამა-შვილ ანურ და გიორგი ზაქარაიას თქმით, ნაკვეთში აფხაზავა თანმხლებ პირთად ერთად მივიდა და მათ მოსახლეობისთვის სავალი გზის გახსნა მოსთხოვა. მას შემდეგ კი, რაც მფლობელებმა განუცხადეს, რომ ისინი მიწას კანონიერად ფლობენ, აქციებითა და საბოლოოდ საკუთრების წართმევით დაემუქრა.

„მოვიდნენ გუშინ. აფხაზავამ თავი წარმოგვიდგინა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა და მოვთხოვა, რომ დაგვეთმო მოსახლეობისთვის გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებითა და გზების გადაკეტვით დაგვემუქრა. გვითხრა, რომ საერთოდ ზედა ეწერში არ შემოგვიშვებდნენ და მიწას წაგვართმევდნენ. მე ვუპასუხე, რომ არსებობს სასამართლო და შეუძლიათ მიმართონ მას“, – აღნიშნა ანურ ზაქარაიამ.

მესაკუთრეები ამბობენ, რომ მოსახლეობას მსგავსი პრეტენზია არ აქვს და აღნიშნულ ინციდენტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ აფხაზავას მოთხოვნა წინასაარჩევნო პიარის ნაწილია.

„არჩევნები მოახლოვდა და უნდათ, ალბათ, ქულების დაწერა. თუმცა, ეს არის კერძო საკუთრება, მსგავსი ფაქტებით ხელი ეშლება სამუშაო პროცესს, რომელშიც 20-მდე ადამიანია დასაქმებული. ამიტომაც ჩვენ დღეს პოლიციაში შევიტანეთ განცხადება ნაკვეთში შემოჭრისა და მუქარის ფაქტზე“, – თქვა გიორგი ზაქარაიამ.

მესაკუთრეების ინტერესების კანონიერებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ინციდენტზე საუბრობს გამგებელი ირაკლი თორდია. მისი თქმით, არავითარი საბაბი იმისა, რომ მიწა სავალი გზით შუაზე გაიყოს, არ არსებობს. ჟურნალისტებთან თორდიამ აღნიშნა, რამდენიმე ხნის წინ ადგილობრივებისგან მსგავსი პრეტენზია ნამდვილად იყო, თუმცა მათთან მისასვლელი ორი გზა თავისუფალია.

„ნაციონალები“ შემოიჭრნენ კერძო ტერიტორიაზე და იმუქრებოდნენ, რომ არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. გარდა ამისა, დაუბარეს, რომ მოსახლეობასთან ერთად მოვიდოდნენ. მე, როგორც გამგებელმა, ადგილობრივებს ვკითხე ამის შესახებ, თუმცა მათ უარი განუცხადეს, რადგან ზაქარაიებს კანონიერად აქვთ ეს ტერიტორია დამოწმებული და აქვთ კერძო ბიზნესი და იმის ალბათობა, რომ რამე უკანონო იყოს, არ არსებობს“, – განმარტა თორდიამ.

თავის მხრივ, ნატაშა აფხაზავამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, აღნიშნა, რომ სავალი გზის გახსნასთან დაკავშირებით პრეტენზიები მოსახლეობას აქვს. რაც შეეხება მუქარას მიწის წართმევასთან დაკავშირებით, ის მსგავს ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, პარტია მუქარის ფაქტზე პოლიციაში ჩივილს პარტია გიორგი ზაქარაიას მიმართ გეგმავს.

„აფხაზავა და ჩხეტია წევრები მშვიდობიანი გზით აპირებდნენ მათთან მოლაპარაკებებს, თუმცა მოგვიანებით, გიორგი ზაქარაია ჩვენი პარტიის წევრს, მანუჩარ ჩხეტიას მოუვარდა სახლში და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა“, – აღნიშნა წითლიძემ.

აღნიშნული მიწის ფართობი ზედა ეწერის ცენტრალურ საავტომობილო გზასა და ხერგიანის ქუჩას შორისაა. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ პირდაპირ გამავალი გზის არქონა მათთვის, უკვე მეორე, წელია, სერიოზული პრობლემაა. მათივე თქმით, მათ 100 მეტრის ნაცვლად კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა უწევთ.

„აქ არ შემოდის ტრანსპორტიც. ძალიან რთულია, წვალობს მთელი უბნის მოსახლეობა. რა თქმა უნდა, გვაქვს პრეტენზიები, თუმცა, მიწის მესაკუთრე უარს აცხადებს გზის გახსნაზე“, – აცხადებს ადგილობრივი ზინა ფარჯიანი.

ზედა ეწერში, ზაქარაიების კუთვნილ მიწის ფართობზე თხილის პლანცატიებია. გარდა ამისა, კერძო ბინესმენები ადგილზე სამეურნეო საქმიანობასაც აწარმოებენ.

სხვა ახალი ამბები: