ნატალია ბერულავას ერთი ჩვეულებრივი დილა ფინჯან ყავასთან

0

1ნატალია ბერულავა. ჟურნალისტი.  ის ამჟამად მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროში კორესპონდენტად. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ნატალია ბერულავა რუბრიკის პირველ სტუმრად ის შეარჩია. მას ჩვენ სახლში ვესტუმრეთ დილით, ადრე და გავაღვიძეთ.

-დილა მშვიდობის

-დილა მშვიდობის და ამავე დროს დიდი ბოდიში. ახლახან გავიღვიძე. წუხელ სახლში გვიან მოვედი, რადგანაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა. მთელი დღე გადაღებებზე დავრბივარ და ცოტაზე მეტადაც გადავიღალე. შემობრძანდით, ყავას მოგიდუღებთ და თან ვისაუბროთ.

ნატალია ბერულავა ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე ორ ოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ამ ბინაში ძალიან მყუდრო და ამავე დროს სასიამოვნო გარემო აქვს შექმნილი. სანამ პირველი სტუმარი თავს იწესრიგებს, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პატარა და მყუდრო გარემო დაგვეთვალიერებინა.

პირველი რაც შევამჩნიეთ, ძალიან ბევრი ყვავილებია. უმეტესად კაქტუსები. ნამდვილად ეტყობა, რომ ჩვენს პირველ რესპონდენტს ყვავილებიც ძალიან უყვარს და მათი მოვლაც.

-მოვედი. ყავა როგორი გიყვართ? მწარე თუ პირიქით, ტკბილი? მე მაგალითად ძალიან მწარე ყავას მივირთმევ, თან დღეში რამდენიმეჯერ…

-კარგი, მეც მწარე გამიკეთეთ. მეც ზუსტად ასე ვარ. არ მიყვარს ტკბილი ყავა. ისე თქვენზე მსმენია, რომ ყავას რაღაც განსაკუთრებულად ხარშავსო და იცით რაიმე განსხვავებული ტექნოლოგია?

-არაფერი ისეთი (იცინის), უბრალოდ ვადუღებ ნელ ცეცხლზე და ძალიან დიდი დოზით ვყრი მადუღარაში ყავას. ერთხელ როცა წამოდუღდება, გადავდგამ გაზქურიდან, ცოტა ხანს ვაცლი და შემდეგ ისევ წამოვადუღებ, ასე ვიმეორებ სამჯერ. მერე კი ჩვეულებრივად ჩამოვასხამ ყავის ჭიქებში და მივირთმევ ასევე მწარე შოკოლადთან ან ისე უბრალოდ.

უი, სულ დამავიწყდა, მაცივარში მიდევს ტორტიკი და იმით გაგიმასპინძლდებით. ყავასთან წავა (იცინის).

-არა, არ შეწუხდეთ, დილით არ ვჭამ საერთოდ არაფერს. ყავაც საკმარისია.

მიუხედავად უარისა ნატალიამ სამზარეულოს პატარა მაგიდაზე ხილი, პატარა ტორტიკი და საუცხოოდ მოდუღებული თურქული ყავა მოგვართვა. აქ კი დაიწყო სტუმართან გულახდილი დიალოგი.

-რამდენი ხანია ამ პატარა ბინაში ცხოვრობთ?

-საკმაო ხანია, დაახლოებით 6-7 წელი. რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში დავიწყე მუშაობა, აქ გადმოვედი საცხოვრებლად.

-აქ მარტო ცხოვრობთ?

-კი, აქ მარტო ვარ.

-არ გყავთ ცხოვრების თანამგზავრი?

-(იცინის) არა არ მყავს. ნამდვილად არ მყავს და იცი მეგობრები, განსაკუთრებით მამაკაცები რას მეუბნებიან? შენს გათხოვებას ჯობია ცოლი შეგრთოთო. ამდენ მამაკაც მეგობრებში ისე განმივითარდა მამაკაცური ინსტიქტები, რომ ძმაოს მეძახიან (იცინის).

-ანუ შეყვარებული არ ხართ?

-არა, თუ გულისხმობთ იმას, მყავს თუ არა შეყვარებული მამაკაცი, გიპასუხებთ, რომ არა. ისე შეყვარებული ვარ ჩემს მეგობრებზე, ახლობლებზე და ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანებზე (იცინის)

-როგორ იწყება თქვენი დილა?

– ჩვეულებრივად ადრე ადგომით. არ მიყვარს გვიანობამდე ძილი. ჩემი დღის რეჟიმიდან გამომდინარე ვერც დავიძინებ გვიანობამდე, რადგან ზოგჯერ მიწევს ძალიან ადრე ადგომაც, ზოგჯერ კი ძალიან გვაინ დაძინებაც და ასე შემდეგ.

-თქვენ საზოგადოებამ აგვისტოს ომის დროს უფრო ახლოს გაგიცნოთ. ფაქტიურად თქვენ იყავით ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ჟურნალისტი სამეგრელოს რეგიონში, რომელიც ადგილზე დარჩა და ყველა იმ რისკიან კადრებს იღებდა, რაც ხდებოდა მაშინ. ვიდეოპოტრალებზე დღესაც ტრიალებს ეს კადრები.

-ერთადერთი შეიძლება არა, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად ვიყავი. ის,რაც მაშინ ხდებოდა ენით აუღწერელია. ფაქტიურად საომარ რეჟიმში გვიხდებოდა მუშაობა. ჭირდა გადაღებული მასალის გაგზავნა ტელევიზიაში, რადგანაც მოშლილი იყო ყველანაირი კომუნიკაცია, არ იყო ინტერნეტი. ათი დღის განმავლობაში საერთოდ არ მიძინია, არც მე და არც ჩემს ოპერატორს, გიგა კილასონიას. იყო ისეთი დღეც, როცა არც გვიჭამია და დილამდეც დაგვთენებია. ამ პერიოდის მობრუნებას საქართველოში ნამდვილად არ ვისურვებდი, ღმერთმა მართლა დაგვიფაროს ამისგან.

-ეს უკვე მართლა გმირობის ტოლფასია ალბათ და თუ მიიღეთ რაიმე ჯილდო ან თუ დაგიფასდათ ეს ვინმესგან?

-კი ჯილდო აფხაზეთის მთავრობისგან მივიღე მაშინ და…(იცინის)

-და რა?

-არა,არაფერი. მომავლისთვის გადავდოთ…(იცინის)

-მოდი გადავიდეთ ჭორებზე…თუ გაგიგიათ თქვენზე რაიმე ჭორი, რომელმაც თქვენზე ცუდად იმოქმედა, ან პირიქით, გაგახალისათ?

-ისეთი არაფერი…(ჩაფიქრდა) იყო ასეთი რამ, თუ ამას ჭორს დავარქმევთ, ანუ ბოროტი ჭორი სოც. ქსელში (იცინის). ვიღაცამ გამოგვჭიმა სურათებით მე, ლაშა ბერულავა, გუგა ლაგვილავა და ემა გოგოხია და დაგვარქვეს „ნაციონალი“ ჟურნალისტები. პირველად ეს რომ ვნახე, ძალიან მეწყინა და გავბრაზდი, მერე უკვე მივხვდი, რომ ასეთი რამეების სერიოზულად აღქმა შეუძლებელი იყო და ბოლოს უკვე გამეცინა (იცინის).

-ისე თქვენი აზრი მაინტერესებს, ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს თუ არა საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ?

-სიმპატიები უნდა გააჩნდეს და ამაში არაფერია ტრაგიკული, თუმცა ეს არ უნდა აისახებოდეს მისი მუშაობის სტილზე და მანერაზე. ანუ ჟურნალისტი არ უნდა იყოს მხარე. მან საშუალება უნდა მისცეს მის მაყურებელს დასკვნები თვითონ გააკეთონ. ასე, რომ პოლიტიკური სიმპათიები არ უნდა აისახებოდეს მის მიერ მომზადებულ მასალებში. დანარჩენი, ვინ იქნება ჩემი სიმპათია, ამას მართლა არავის ვკითხავ და არც არავის მოვახვევ თავზე ჩემს სიმპათიებს.

-თუ საიდუმლო არ არის, დღევანდელ ხელისუფლებაში თუ გყავთ ფიგურა, რომლის მიმართ თქვენს სიმპათიებს გამოხატავთ?

-კი მყავს, თან ორივე შტოში (იცინის) ანუ პოზიციაშიც  და ოპოზიციაშიც. ბევრი პროფესიონალი და ამავე დროს არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს ორივე მხარეს, რომლებსაც ჩემს მეგობრებად მივიჩნევ.

-პოლიტიკას რომ არ მივყვეთ და ვიყოთ აპოლიტიკურები, მოდი ასეთ კითხვას დაგისვამთ. როგორი დიასახლისი ხართ? გარდა იმისა, რომ საუცხოო ყავას ადუღებთ, კიდევ რა შეგიძლიათ ასე საუცხოოდ მოამზადოთ?

-ცხოვრებაში ყოველთვის დაკავებული ვიყავი ან პედაგოგიური მოღვაწეობით ან ჟურნალისტურით. არასდროს არ მქონდა იმის დრო, რომ მე მომემზადებინა რაიმე კერძი (იცინის). თუმცა მინდა გითხრათ, რომ თუ მოვინდომე ყველაფერი კარგად გამომდის (იცინის).

-თავად თქვენ თუ ხართ გურმანი?

-უფ კიი (იცინის). ძალიან მიყვარს ხაჭაპური, საცივი, მწვადები და საერთოდ ქართულ კერძებს რა ჯობია. თუმცა ტკბილეულზე არ ვგიჟდები. მიყვარს ხილი. ყოველთვის მაქვს სახლში ხილი და ყავა. ასე, რომ ხშირად შემიძლია დაგპატიჟოთ და ფინჯან ყავასთან გულახდილად გესაუბროთ.

-დიდი მადლობა. და ბოლოს, თქვენი აზრი გვაინტერესებს SMO.GE-ზე.

-ძალიან კარგია, რომ სამეგრელოში არსებობს საინფორმაციო სააგენტოები. SMO.GE, „ლაივპრესი“ და სხვები. მე მინდა გისურვოთ პროფესიული ზრდა და რათქმაუნდა წარმატებები თქვენს საქმიანობაში. უფრო მეტად წარმოგეჩინოთ რეგიონის პრობლემები, ასევე სიახლეები და მიღწევები და ყოფილიყავით ყველაზე წარმატებული სააგენტო არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ მთელს საქართველოში.

-დიდი მადლობა.

სხვა ახალი ამბები: