NDI: გამოკითხულთა 54 %-ს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსწონს

0

ndi_0საქართველოში გამოკითხულთა 91 პროცენტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსწონს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევაში არის ნათქვამი, რომლის შედეგები თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ამავე ორგანიზაციის საქართველოს ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტინა ვილფორმა წარმოადგინა.

კითხვაზე, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, 60 პროცენტი აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონს. 54 პროცეტისათვის ყველაზე მოსაწონი პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, 51 პროცენტისათვის _ პარლამეტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, 48 პროცენტისათვის _ საპარლამეტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ასევე 48 პროცენტისათვის _ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45 პროცენტისათვის _ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

მომდევნო პოზიციები კი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისის მერი დავით ნარმანია _ 45, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი _ 44, ენერეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე _ 44, საპარლამეტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია _ 39, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი _ 38, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი _ 36, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური _ 36, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი _ 30, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე _ 29, საპარლამენტო უმრავლესობის წვრი ზურაბ აბაშიძე _ 26, საპარლამეტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე _ 25-25, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი _ 22-22, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკანორ მელია, “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია 21-21 პროცენტი. ამავე სიაშია მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი რომლის მოწონების მაჩვენებელი 16 პროცენტია.

აღნიშნული კვლევა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს ფორმით საქართველოს მასშტაბით 3338 რესპონდენტი გამოიკითხა.

სხვა ახალი ამბები: