“ნუ მომკლავ”- საპროტესტო აქცია ზუგდიდში (ფოტო)

0

ზუგდიდში მოქალაქეებმა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრება აქციის მონაწილეებმა ქალაქის მთავარი ხეივანთან  18:00 საათზე დაიწყეს შეკრება, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთი საოლქო პროკურატურასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები ხალხს მოუწოდებენ გამოვიდნენ ქუჩაში და დაგმონ უსამართლობა.

აქციის მთავარი მოთხოვნაა – „დაინგრეს სისტემა“. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროკურორი ირაკლი შოთაძე  უნდა გადადგეს, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მათი თქმით, ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციები ყოველდღე გაიმართება.

” ზაზა სარალიძემ ვერ იპოვა სიმართლე, თუ სიმართლე არ დადგინდა, ხვალ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ სისტემის მსხვერპლი. დღეს სასამართლომ ფაქტობრივად დააკანონა სიკვდილი, პრაქტიკულად გვითხრა, რომ თუ ზურგს გიმაგრებს ვინმე თანამდებობის პირი, შეგიძლია მოკლა და არავინ არ დაგიჭერს”-აცხადებენ ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანთან შეკრებილები.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე – ჩატარებული ოპერაციების მიუხედავად, ორ დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

არასრულწლოვნების ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასამართლომ გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.