ოთარ ჭითანავა – “ახლა დროა ჩვენი გაერთიანების, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ “ნაციონალური მოძრაობა”

0

“პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა საგანგებო მიმართვის ტექსტს ავრცელებს. ჭითანავა აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ზუგდიდში ოფიციალურად უჭერს მხარს “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებს. ოპოზიციური პარტიის მიერ ზუგდიდში წარდგენილი კანდიდატი მიმართავს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომ ყველაფერი გააკეთონ არჩევნების მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” დასამარცხებლად. “ახლა დროა ჩვენი გაერთიანების, რათა ერთიანი ძალებით დავამარცხოთ “ნაციონალური მოძრაობა”-ნათქვამია ოთარ ჭითანავას მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში. smo news მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“უპირველეს ყოვლისა,  მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ზუგდიდელს ვინც მხარი დამიჭირა მე, როგორც “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარ  კანდიდატს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ვუთხრა გულწრფელად ძალიან დიდი ადამიანური მადლობა ნდობისთვის და თანადგომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობდი წინასაარჩევნო პროცესის განმავლობაში.

ჩემო მეგობრებო, 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ზუგდიდი კვლავ ახალი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩემი  რადიკალური და შეურიგებელი პოზიცია “ნაციონალური მოძრაობის”  მიმართ თქვენთვის კარგად არის ცნობილი. როგორც მოგეხსენებათ, ასეთივე განწყობაა მთლიანად საქართველოს “პატრიოტთა ალიანსში”. იმისთვის რომ, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა ვერ მოახერხონ მეორე ტურში გამარჯვება, საჭიროა თითოეული ჩვენთაგანის მაქსიმალური მობილიზაცია, აგრეთვე ჩვენი ძალების გაერთიანება სააკაშვილის და მისი კანდიდატების დასამარცხებლად ზუგდიდში.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ არ ვითარებაში, თითოეული თქვენთაგანის ხმა,თუნდაც ერთი ხმა, იქნება გადამწყვეტი “ქართული ოცნების” კანდიდატების გამარჯვებისთვის.

იმედი მაქვს, რომ ჩემი მოწოდება სწორად იქნება აღქმული, მით უფრო როცა “ქართული ოცნების” გამარჯვება დღეს აუცილებელია ზუგდიდისთვის, რადგან “ნაციონალები” გამარჯვების შემთხვევაში ყველანი ღრმად იყავით დარწმუნებული იმაში, რომ მთელი ქვეყანა ზურგს გვაქცევს, მთელი ქვეყნის დასაცინი გავხდებით, აგრეთვე ზუგდიდს აუცილებლად დააკლდება ცენტრიდან სათანადო ყურადღება, რის გამოც ის დაკარგავს განვითარების პრეპექტივას უახლოესი წლების განმავლობაში.

ამ ვითარებაში, არ შემიძლია არ მივმართო სხვა პოლიტიკურ პარტიებს, მათ კანდიდატებს და აქტივისტებს,  ვინც იღებდა მონაწილეობას ამ არჩევნებში ზუგდიდში.

ჩემო მეგობრებო, გუშინ ჩვენ ყველანი ერთმანეთის ოპონენტები ვიყავით.  დღეს კი აუცილებელია, რომ ჩვენ გავხდეთ ერთმანეთის მოკავშირეები ამ კონკრეტული საკითხის ირგვლივ მაინც, რამეთუ ყველანი საერთო საფრთხის წინაშე აღმოვჩდით, რადგან სწორედ ახლა სასწორზე დევს ჩვენი ზუგდიდის ღირსება და მისი მომავალი, რომელიც დარწმუნებული ვარ სულერთი არ არის თქვენთვის…

აქედან გამომდინარე, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ კანდიდატებმაც, პარტიებმაც და პირველ რიგში ჩვენმა გულანთებულმა ხალხმა, ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომ ის რაც ვნებს თითოეულ ჩვენთაგანს ის ზუგდიდსაც ვნებს, ხოლო ის რაც ვნებს ჩვენს ზუგდიდს,  საქართველოსაც არ არგებს”-ნათქვამია ოთარ ჭითანავას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

სხვა ახალი ამბები: