პაპუნა შუშანიას ბლოგი: – შენ და ის…

0

გულდასაწყვეტია. შეიძლება უფრო მტკივნეული, როცა ის, ვისაც შენად თვლი – შენს შეცდომებს უთვალთვალებს, შენს დაცემასა და ნაბიჯების არევას ელოდება. არადა, შენ სულ სადღაც გეჩქარება, სისწრაფეში, შესაძლოა, შეცდომებიც დაუშვა, ნაბიჯებიც აგერიოს, ქვაზე ფეხიც წამოკრა და წაიქცე, ბოლოს კი თავს იმით ინუგეშებ, რომ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ცხოვრებას აგრძელებ იმედგაცრუებებითა და უკეთესი მომავლის რწმენით, ახალი შემართებებითა და იმის ფიქრით, რომ საკუთარ ქვეცნობიერს დაუმტკიცო – მაგარი ხარ, რომ შეცდომების აღიარება და გამოსწორება სამარცხვინო სულაც არაა.

თუმცა, არც სიჩქარეა გამამართლებელი მიზეზი და შენზე დაკისრებული მოვალეობის შესრულება სისწრაფეში, შეცდომების დაშვების გარეშეც შესაძლებელია.

თენდება ახალი დღე.

ზემოთაღწერილი სურათი მეორდება.

წრეზე ბრუნავ, ოღონდ დაშვებულ შეცდომებს არ იმეორებ,რადგან სხვა გამოწვევებისა და უფრო მძიმე რეალობის თანამედროვე ხარ. ის, შენს გუშინდელ შეცდომებს საკუთარ თავზე ცდის. შენ გტკივა, ანუგეშებ, ეთაყვანები, არც იმას აგრძნობინებ, რომ ის, გუშინ შენს გვერდში უნდა ყოფილიყო.

არადა, რომ ყოფილიყო ღამე მარტივად გათენდებოდა. თუმცა, შენთვის სულერთია მისი საქციელი, რადგან ცდილობ საკუთარი უნარ-ჩვევები თანდათან საყოველთაო ქცევით ფორმად აქციო. ამაოა შენი მონდომება, რადგან ის შენგან არ ისწავლის, რომ არ არის აუცილებელი ყველა გიყვარდეს, თუმცა აუცილებელია, პატივი სცე ყველას, რომ როცა გეტირება უნდა იტირო, რომ დამარცხება სირცხვილი არ არის, რომ თანაგრძნობა და პატიოსნება პიროვნების თანდაყოლილი თვისებაა და ის, ან აქვს ადამიანს ან არა, რომ ძირს დაცემულს წამოყენება სჭირდება, რომ სხვისი განკითხვა დანაშაულია, რომ შეცდომისგან დაზღვეული არავინაა და შესაძლებელია ისიც შეცდეს, რომ მხოლოდ თვალების დახუჭვა არ კმარა რეალობიდან გასაქცევად.

დგახარ და გრძნობ,რომ ის საერთოდ არ გისმენს, მის მიერ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს…. ბოლოს ხვდები, რომ ის, შენ არ გგავს. ის, რომელიც მონათესავე სული გეგონა…. თავს არ აჯერებ, რომ არ გგავს… რადგან, მე შენ ვარ და ის შენ…..

სხვა ახალი ამბები: