პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე, 2017-2030 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს

0

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა უძღვებოდა, 2017-2030 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომელიც კომიტეტმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მოამზადა.

სტრატეგია შემუშავებული იყო მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების დაგეგმვამდე და იგი მორგებული იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ამოცანებსა და საჭიროებებს. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ მოხდება სტრატეგიის გადახედვა და საკითხების იდენტიფიცირება ახალი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილია, ვინაიდან ხდება გარემოს დაცვის კომპონენტის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება.

კომიტეტის წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად გამართავენ გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც შეხვდებიან სოფლის მეურნეობის მინისტრს და დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით განსაზღვრავენ სამომავლოდ სამოქმედო გეგმას.

სხდომაზე ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი ფოთში არსებული პრობლემის შესახებ, რომელიც წლებია აწუხებს ქალაქს და აქ თევზის სუნის გავრცელებას ეხება. ესეც იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მინისტრთან შეხვედრაზე.