პასუხი…

0

სახლში სადღესასწაულო მაგიდისთვის რაღაც გვაკლდა. ქალაქის მაღაზიაში გავედი, მაღაზიის გვერდით, ახალგაზრდები ჩამომსხდარიყვნენ. მშვიდად საუბრობდნენ. ცოტა მოშორებით, სამი კაცი იდგა. მანქანები ისე მჭიდროდ იყო ჩამწკრივებული, მაღაზიაში მისასვლელად მათ შორის უნდა გამევლო. ყველა ვიცანი. მივესალმე და გავუღიმე. ღიმილი ალბათ, არ დაუნახავთ, ბნელოდა. მისალმება გაიგონეს. „უკაცრავად“ – ვუთხარი, მათ შორის, რომ გავლა მომიხდა. არც ეს გაუგონიათ, ან გაიგეს და არ მიპასუხეს. უცებ შუქი აინთო. მიცნეს. გულში ჩამიხუტეს. გაუხარდათ ჩემი ნახვა. მამაჩემის მეგობრები აღმოჩნდენ. მომიკიხეს.დაინტერესდნენ ჩემი ასაკითა და ოჯახური მდგომარეობით.ერთი ვუთხარი, მეორე -არა.

სახლში მისულს ხანში შესული მეზობელი დამხვდა. მივესალმე. ჩამიხუტა. მითხრა, რომ ჩემს გაზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის, ასე მეუბნება ყველა თანასოფლელი, თანაქალაქელი. წარსული გავიხსენეთ, ყურადღება ყველა მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილეთ. მათ შორის, ზემელზე მისი ეზოდან მოპარული სიმინდის ხარშვის ისტორიაც მოხვდა, გაბრაზებული რომ ქურდობაში მონაწილე ბავშვებს სახლში მოგვივარდა და მშობლებთან დაგვასმინა. მოკლედ, წარსულში ვიმოგზაურეთ. ბოლოს ისიც ჩემი ასაკით დაინტერესდა – არც მას ვუთხარი. შემდეგ, მეგობარმა დამირეკა. ისევ ქალაქში მომიწია გასვლა. სანამ მოვიდოდა ძველი ნაცნობი ვნახე. ჩემი ნახვა ცოტა ეუხერხულა. მე არაფერშუაში ვარ, მისი წარსულიდან გამომდინარე. პოლიტიკით ანგაჟირებული იყო და 2012 წელს ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა ყველას ემუქრებოდა.

ინფორმაციები გავცვალეთ და გავიგე, რომ იმ ძალას ჩამოშორდა. ისიც მითხრა, რომ წინა ხელისუფლებამ მისი შესაძლებლობები სწორად ვერ შეაფასა. მოქმედმა კი შანსი მისცა და საჭირო კავშირებით დაწინაურდა კიდეც. მე არაფერი მიკითხავს. თვითონ იყო კითხვა–პასუხების ინიციატორი.

კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ისევე „როგორც სექსს, პოლიტიკასაც მორალი არ აქვს“.ისიც ჩემი ასაკით დაინტერესდა. არც მას ვუთხარი. აი ასე, მკითხა და არ ვუთხარი. ავდექი, დავემშვიდობე და წამოვედი. შინ დაბრუნებულს მარიამი გაბრაზებული დამხვდა. მეზობელთან იყო ნაჩხუბარი. შევეცადე დამემშვიდებინა და მოვფერებოდი. ასეც მოვიქეცი. თვალები ცრემლებისგან გავუნთავისუფლე და ვუთხარი, რომ თუკი სამართლიანი იქნება, მის ნებისმიერ საქციელს გავამართლებ და გვერდში დავუდგები. გაუხარდა. გამხიარულდა და მომხდარი დეტალურად მაუწყა.მერე გაახსენდა რომ ხვალ დაბადების დღე მაქვს და ისიც ჩემი ასაკით დაინტერესდა -არც მას ვუთხარი.

ამასაობაში რეკავს ტელეფონი. დედაა. ინფორმაციებს ვცვლით – მე მისი კითხვები მღლის, ის ჩემი მოკლე პასუხებითაა უკმაყოფილო. სატელეფონო კომუნიკაცია რამდენიმე წუთს გრძელდება. საუბრის დასასრულს ტრადიციულად მემშვიდობება შემდეგი სიტყვებით – „არ დაგავიწყდეს რამდენი წლის ხარ და ცოლი კიდევ არ მოგიყვანია“…. ეს დიალოგი ფილმის კადრებივით ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებს მახსენებს – მახსოვს, ერთხელ, სახლში მისულს დეიდაშვილის მეგობრები დამხვდნენ. გავიცანი. ბევრნი იყვნენ. ერთ-ერთი მოძველბიჭო ელემენტი იყო, ისიც ჩემი ასაკით დაინტერესდა. არც მას ვუთხარი. შემდეგ ერთი ანეგდოტი გამახსენდა: “მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო. – ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს?! მერე გაიგო, დაუჭერიათო. -ხოხ! სად გაიქცეოდა, აბა, მაგხელა სპილო?!“

მოდით, ჩავსვამ ჩემს თავს მეგრელის ნაცვლად: იმ ხალხთან, ვისაც არ სურს ურთიერთობა 30 წლამდე ადამიანებთან, 31 ვარ, ხოლო ჩემი პირველკურსელი დეიდაშვილის მეგობრებთან, რომელიც სულ რაღაც 18 არის, მე 22-ს. რამდენი წლის ვარ ?! იმდენის არა, რომელმაც შეიძლება დაიჯეროს, რომ ბროლის ქოში კონკიას მოერგება, ბაყაყი მშვენიერ პრინცად გადაიქცევა, მძინარე მზეთუნახავი კოცნით გაიღვიძებს. არც იმდენის, რომელიც იტყვის – იყო და არა იყო რა, ვინც ცხოვრებამ მაგრად სცემა და მრავლობითი მოტეხილობებით აპარატზეა შეერთებული, კიდურები თაბაშირში აქვს ჩასმული და არსებობის უკანასკნელ წუთებს ითვლის.

არც იმდენის, დეიდაშვილის პირველკურსელ მეგობრებს რამეში ჩამორჩეს და არც იმდენის, რომელი 30 წელს გადაცილებულებს რჩევა მისცეს. ანუ, მაინც რამდენის ვარ ? ! სიტყვიერად ვერ გადმოვცემ, ვერ ვიტყვი რადგან ასაკი მხოლოდ ციფრებია, რიცხვები. ჭაღარები კი თითო ცხოვრებისეული დაბრკოლების გადალახვის მტკიცებულება. ვფიქრობ და „დეჟავუს“ მომენტი მაქვს: ჩემს დეიდაშვილს იმდენი მეგობარი ჰყავს, რამდენიც მე მყავდა მის ასაკში, მერე ვუყურებ და ცოტა მიკვირს კიდეც, როგორ დამრჩნენ გაღმა ნაპირზე ადამიანები, რომლებთანაც გუშინ თითქოს ბევრი რამ მაკავშირდება, დღეს კი გაუცხოება მემართება და ვიჯერებ, რომ მზისქვეშეთში ყველაფერი წუთიერი და ინდივიდუალურია – გემოვნებაც; დამოკიდებულებაც; ასაკიც და მდგომარეობაც.

მათ შორის არჩევანიც – გაყვე თუ გამოაკლდე იმას, რაც გეახლოვებოდა, მაგრამ შენად ვერ იქცა. მართლა რამდენი წლის ვარ ?! ზოგჯერ იმდენის – ვინც რეალობის არდასანახად თვალებს ხშირად ხუჭავს და ზოგჯერ არც იმდენის მანქანების ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე ცად რომ აირეკლოს ….

სხვა ახალი ამბები: