პატიმართა წამებაში ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

0

ფოთის საქალაქო სასამართლოში პატიმრების დამამცირებელი და არაადანიანური მოპყრობის საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების თანამშრომლებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს. ოთხივე მათგანი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, თეიმურაზ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, გოგიტა გაბისონიას და ლევან კოდუას მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

აღნიშნული პირები N4 დაწესებულებაში შეყვანისთანავე პატიმრებს აიძულებდნენ გაშიშვლებას, შემდეგ კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რათა შანტაჟითა და მუქარით პატიმრებს თანამშრომლობაზე თანხმობა განეცხადებინათ.

თეიმურაზ გოგოლის, ირაკლი ჭითანავას, გოგიტა გაბისონიას და ლევან კოდუას ქმედებების შედეგად პატიმრებს შეზღუდული ჰქონდათ ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბრის უფლება, ოჯახის წევრებთან პაემნების ხანგრძლივობა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და საჩივრების მათთვის სასურველ დაწესებულებაში გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე ძილისთვის და გასეირნებისთვის განკუთვნილი დრო.

ამასთან, თეიმურაზ გოგოლი, ირაკლი ჭითანავა, გოგიტა გაბისონია და ლევან კოდუა პატიმრებს ღამის საათებში სისტემატიურად ამყოფებდნენ ინტენსიური ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და სტრესის ქვეშ. ისინი გამოჰყავდათ საკნიდან, სცემდნენ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით და აიძულებდნენ ხმამაღლა ეყვირათ, რათა სხვა საკნებში მყოფი პატიმრები მუდმივი შიშისა და უსიტყვო მორჩილების ქვეშ ყოფილიყვნენ.

საქმეს მოსამართლე შოთა სირაძე განიხილავს. ცნობისთვის, პროკურატურამ 2016 წლის 13 დეკემბერს პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.