პირველი ბოლქვი ამერიკიდან და წალენჯიხაში გაშენებული ტიტების პლანტაცია (ფოტორეპორტაჟი)

0

პროფესიით ფილოლოგს, თამარ კვარაცხელიას წალენჯიხაში ტიტების პლანტაცია აქვს გაშენებული. როგორც თავად ამბობს, საკუთარ ეზოში ტიტების გამოყვანის სურვილმა 15 წლის წინ გაუჩნდა. ქალბატონ თამარის ეზოში დღეს 5000-მდე ძირი 18 სხვადასხვა ჯიშის ჰოლანდიური ტიტა ხარობს.

წალენჯიხის ადგილობრივი ტელევიზიის “ჯიხას” კორესპონდენტთან საუბარში თამარ კვარაცხელიას მეუღლე, ვალერ ჭანტურია აღნიშნავს, რომ წლების წინ მისმა დამ, დარეჯან ჭანტურიამ ამერიკიდან საჩუქრად რამდენიმე ბოლქვი გამოაგზავნა, რამაც საფუძველი დაუდო მათ გამრავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი ძალიან შრომატევადი აღმოჩნდა, თამარი ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებას ყოველდღიურ მზრუნველობას არ აკლებდა და შედეგიც სახეზეა.

“როგორც ვატყობთ საქართველოში ტიტებზე დიდი მოთხოვნაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სამთავრობო ან არასამთავრობო ორგანიზაცია დაინტერესდება ჩვენი საქმიანობით და მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით გამოგვიყოფს გრანტს სათბურის ასაშენებლად, მზად ვართ გამოვიყენოთ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება, არ დავიშუროთ ძალ-ღონე და გავზარდოთ ყვავილების წარმოება. ჩვენი ტიტა მართლაც მაღალი ხარისხის ყვავილია, საამისოდ მთავარი პირობაა ნიადაგის სწორად შერჩევა და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად ჩატარება.

დაფინანსების შემთხვევაში, ასევე მზად ვართ ვფიქროთ ტიტას გარდა სხვა ყვავილების გაშენებაზე. ტიტა წელიწადში ერთხელ ყვავის. სათბურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სხვა სახეობის ყვავილების მოშენება”-აღნიშნავს თამარ კვარაცხელია.

გამოყენებულია ტელეკომპანია “ჯიხას” მასალები

სხვა ახალი ამბები: