პლაკატების ომი ზუგდიდში ურთიერთბრალდებების ფონზე

0

ოპოზიცია ზუგდიდში მმართველ გუნდს პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე თავადაც აღმოჩნდნენ, თუმცა, მათი თქმით, უარგუმენტოდ კონკრეტული პარტიის დადანაშაულება უხერხულია.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ლელა ქებურიამ განაცხადა, ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელში პარტიის მერობის კანდიდატის პლაკატები ჩამოხეულია და დღეს დილას კი პარტიის ოფისის წინ გაკრული სარეკლამო ბანერიც დაზიანებული დახვდათ.

“პლაკატების ჩამოხევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა უკვე, დღეს დილას კი პარტიის დიდი სარეკლამო ბანერი ჩამოგლეჯილი დაგვხვდა. რა თქმა უნდა კვალი ხელისუფლებამდე მიდის და პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ენიჭება. ვაპირებ აღნიშნული უწყებათა კომისიას ვამცნო და იმედია არასამთავრობოებო ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან,”-აღნიშნა ქებურიამ.

ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე.

მისი განცხადებით, ქალაქის პარალელურად პლაკატები ჩამოხეულია სოფლებშიც.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარეობს მოსახლეობის დაშინება მმართველი პარტიის მიერ.

„მოსახლეობასთან შეხვედრაზე ფოტოებს იღებდა ქართული ოცნების აქტივისტი გიორგი ტიბუა, საღამოს კი ამ ხალხს სახლში დაადგნენ და გააფრთხილეს, რომ ყველანი დამახსოვრებული ჰყავთ. ეუბნებიან რატომ არიან „ნაციონალებთან“, რადგან ყველა დამახსოვრებული ჰყავთ და ყველას პასუხი მოეთხოვება ამ არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ბრალდებებს უარყოფენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში.

შტაბის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ფაქტების გარეშე ხელისფლებისთვის მსგავსი ქმედებების გადაბრალება არაკომპეტენტურობის და უვიცობის მაჩვენებელია.

გარდა ამისა, მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ პლაკატებიც ზუგდიდის სოფლებში და ქალაქშიც ჩამოხეულია.

შტაბის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პლაკატების ჩამოხევა ვანდალიზმია და პარტიას საგამოძიებო უწყებებისთვის მიმართვისკენ მოუწოდებენ.

სხვა ახალი ამბები: