ფოთის მერია თამბაქოს მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით წამოწყებულ კამპანიას შეუერთდა

0

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა საქართველოში წამოწყებულ კამპანიას, თამბაქოს მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით. ადმინისტრაციულ შენობაში გამოიკრა პლაკატები, რომელიც მოქალაქეებს თამბაქოს მოხმარებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. აქციას ქალაქის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე მამუკა პაპასკირი შეუერთდნენ.

2018 წლის 1 მაისიდან კაფე-ბარებში, რესტორნებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა იკრძალება.

თავდაპირველად ძალაში შევა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მუხლი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეში, დახურულ ადგილებში მოწევას კრძალავს.
აკრძალვა შეეხება ფაქტობრივად ყველა დახურულ სივრცეს, გარდა, კერძო საცხოვრებელი ბინებისა (თუ ისინი ოფისებად არ გამოიყენება), კაზინოებისა, სიგარ-ბარებისა, სადაც მხოლოდ სიგარის მოწევა დაიშვება და არა სიგარეტის, ამასთან, აკრძალული იქნება საკვების გაყიდვა.

თამბაქოს კონტროლის კანონის თანახმად, კაფე-ბარების, რესოტრნების, ღამის კლუბების და პაბების მენეჯერები ვალდებული არიან წინასწარ გააფრთხილონ სტუმრები დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის შესახებ. თუ რომელიმე სტუმარი მაინც მოწევს, მათ უნდა მიუთითონ და ყოველგვარი ღონე იხმარონ მოწევის შეწყვეტის შესახებ. კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შემთხვევაში უნდა გამოიძახონ საპატრულო პოლიცია. დაუმორჩილებელი მოქალაქე დაჯარიმდება 50 – 100 ლარის ოდენობით, ან მისი საკითხი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით განიხილება.

იმ შემთხვევაში, თუ სამასპინძლო ბიზნესის ობიექტის პასუხისმგებელი პირები დახურულ სივრცეში თამბაქოს გამოყენების ფაქტზე გულგრილობას გამოიჩენენ, სამასპინძლო დაწესებულება პირველ ჯერზე 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას მონიტორინგს არასამთავრობო სექტორიც გაუწევს.