ფოთის მერმა მერიის მუშაობის 6 თვის ანგარიში მოისმინა

0

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, 2018 წლის 6 თვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
ანგარიშებით მუნიციპალიტეტის მერის, მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპების წარმომადგენელთა წინაშე, მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი, გიორგი ფარეშიშვილი და ირაკლი თოფურია წარსდგნენ.

მერის პირველმა მოადგილემ მამუკა პაპასკირმა მის საკურატორო სფეროში შემავალი, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა მუშაობის შედეგები შეაჯამა.
საანგარიშო პერიოდში, 2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების განსახორციელებლად მომზადებულია და სატენდერო კომისიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გამოცხადებულია 48 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის დადებითი შედეგით დასრულდა 36 ელექტრონული ტენდერი.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, 2018 წელს მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია 10 ელექტრონული ტენდერი, ჯამური ღირებულებით 812 360,55. ეკონომიამ შეადგინა 168 939,45 ლარი.
მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტული ინფრასრტუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N 136 განკარგულებით ქალაქ ფოთს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 4 573 912,00 ლარი, ხოლო პროექტის მთლიანი ღირებულების ფარგლებში 2018 წელს ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრა 4 814 644,00 ლარი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს 5 პროექტი, მათ შორის: მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლისა და სტადიონის რეაბილიტაცია,ცენტრალური ქუჩების ტროტუარების კეთილმოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ძირითადი თანხიდან ორი პროექტის ფარგლებში დღგ-ს ჩათვლით ეკონომიამ შეადგინა რეგიონალური ფონდიდან 133 970,31 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 103,71 ლარი.

– ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია 9 ელექტრონული ტენდერი გეგმით 76 000 ლარი, გაფორმებულია სხვადასხვა ღონისძიებების შესყიდვაზე 9 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 64365,14 ლარი, ეკონომიაა 11 634,86 ლარი.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შესყიდვის მიზნით, გამოცხადებულია 3 ელექტრონული ტენდერი გეგმით 82000,00 ლარი, გაფორმებულია სხვადასხვა პროგრამების შესყიდვაზე 3 ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით 68 168,00 ლარი.
ასევე მამუკა პაპასკირმა ყურადღება გაამახვილა, საანგარიშო პერიოდში, რიგი ღონისძიებების გატარების შედეგად, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე. კერძოდ: ინტერნეტ მომსახურების ხარჯი წინა წელთან შედარებით შემცირდა 2200 ლარით, სატელევიზიო არხებით სარგებლობის ხარჯი_300 ლარით, შიდასაქალაქთაშორისო ზარების განხორციელების ხარჯი 450 ლარით, წარმომადგენლობითი ხარჯი_1200 ლარით, საწვავი მასალის შეძენა_9200 ლარით.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, თავის გამოსვლაში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. მანვე დადებითად შესაფასა ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის“ მუშაობა.

ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის შესრულებულ სამუშაოებზე დირექტორის მოადგილემ ვერიკო ლაღიძემ ისაუბრა. მან გეგმიური სამუშაოებთან ერთად, დასუფთავების მოსაკრებლიდან შემოსავლების ზრდაზე, უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სათანადო ინვენტარით მუშა-მოსამსახურეთა აღჭურვაზე გააკეთა ანგარიში.

ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მარგო ჯანიაშვილის თქმით, 2018 წელს გაიზარდა საბავშვო ბაღების დაფინანსება, რაც კვების ხარჯის ზრდასა და სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე აისახა. მარგო ჯანიაშვილმა ბაღების გაზიფიცირებაზეც გაამახვილა ყურადღება.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით ქალაქში 2018 წლის 6 თვის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამები. ქალაქში ჩატარდა 100-ზე მეტი კულტურული და სპორტული ღონისძიება.

სახელოვნებო ცენტრში მოსწავლეთა რიცხვისა და შემოსავლების ზრდაზე ისაუბრა ა(ა)იპ სახელოვნებო ცენტრის დირექტორმა ნინო პაჭკორიამ.

სპორტული სკოლებისა და ფოთელი სპორტსმენების მიღწევებზე ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების დირექტორმა ბექა გუგუშვილმა გააკეთა მოხსენება.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 6 თვის გაწეული მუშაობის ანგარიში ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ შეაფასა. მან მუშაობის პერიოდში გამოვლენილ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.