ფოთის საკრებულოს ირაკლი კაკულია უხელმძღვანელებს

0

დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომა გაიმართა,რომელიც ქალაქ ფოთის #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. სალომე როდონაიამ  საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა,ფოთის  საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს აკაკი დარჯანიას გადასცა.

სხდომაზე საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კაკულიას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაკულია  18 ხმით აირჩა.საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილის თანამდებობაზე აკაკი დარჯანიას კანდიდატურა დაასახელა.საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურა ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ,   სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქმეზე ორიენტირებული საკრებულო მრავალი სასიკეთო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

„მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ყველა პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. “ქართული ოცნების ” გუნდთან ერთად ჩვენ ფოთელებისთის ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებას ნამდვილად შევძლებთ“, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მმართველ გუნდს ფოთის საკრებულოში 18 დეპუტატი ჰყავს, აქედან 10 მაჟორიტარული წესით არჩეული, 8 კი პროპორციული სისტემით გამარჯვებული. ადგილობრივ არჩევნებში ორი მანდატი მიიღო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“, თითო-თითო დეპუტატი შევიდა საკრებულოში ,,ევროპული საქართველოდან“, ,,პატრიოტთა ალიანსიდან“, ,,შენების მოძრაობიდან“, ,,ლეიბორისტული პარტიიდან“ და ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოდან“.

სხვა ახალი ამბები: