ფოთში ერთიანი სავაჭრო ქსელის ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა

0

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ერთიანი სავაჭრო ქსელის (TFS) ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელები, ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .

“TFS”- ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ჩართულ რგოლებს (კომპანიებს) შორის ინფორმაციის ელექტრონულად, ავტომატურ რეჟიმში გაცვლის სისტემაა. მასში ჩართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დაზოგონ დრო, ფინანსები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან ონლაინ რეჟიმში აწარმოონ ყველა ის ოპერაცია, რაც დაკავშირებულია საქართველოში ან/და საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან.

საჭირო დოკუმენტაციის ელექტრონულ რეჟიმში ავტომატურად გაცვლა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურას, ტვირთების განბაჟების პროცესი კი უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება. ქსელი ყოველწლიურად 1 მილიონ ქაღალდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს, ბიზნესმენებს კი წლის განმავლობაში 4.5 მილიონი დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. ერთიანი სავაჭრო ქსელის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას და კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს როგორც ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის რეპუტაციას , რაც, თავის მხრივ, წაახალისებს ეკონომიკის განვითარებას.

დღემდე ერთიანი სავაჭრო ქსელი საპილოტე რეჟიმში მუშაობდა. ამ პერიოდში გამოვლინდა და აღმოიფხვრა საოპერაციო ხარვეზები. ამჟამად სისტემა აერთიანებს ფოთისა და ბათუმის პორტებს, რამდენიმე საზღვაო ხაზს, საბაჟო ტერმინალსა და სატრანსპორტო კომპანიას. სისტემის ოფიციალურად გაშვების შემდეგ პროგრამაში ჩართული ახალი სუბიექტების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, რადგან საზღვაო ხაზების, საბაჟო ტერმინალებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენელთათვის უკვე ჩატარდა სპეციალური ტრენინგები ქსელის ფუნქციების გასაცნობად.

ერთიანი სავაჭრო ქსელი სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. ქსელი იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,მონაცემთა გაცვლის სააგენტოს” მიერაა შექმნილი. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელდა. მასზე მუშაობა 2012 წლიდან დაიწყო. სამუშაო პროცესში ჩართული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტები, გადამზიდი კომპანიები, საბაჟო ტერმინალები, რკინიგზა, ექსპედიტორები და სხვა.

სხვა ახალი ამბები: