ფოთში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1985 წელს დაბადებული გ.ა. ფოთში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა 13 მარტს ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი: 1989 წელს დაბადებული ი.გ. 1990 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1982 წელს დაბადებული მ.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19 – 109 მუხლის მე-3 ნაწილით და 236 -ე მუხლის მე-3 ნაწილით.