პრემიერი ხვალ თეთნულდის საბაგიროს დაათვალიერებს

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ მესტიას სტუმრობს, სადაც თეთნულდის საბაგიროს დაათვალიერებს. კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა დასრულდა.

კურორტი „თეთნულდი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მენეჯმენტში გადავიდა. კურორტ თეთნულდის ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ფაზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა.

ამ ეტაპზე კურორტზე არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის ერთი საბაგირო,, რომლის მშენებლობაც საბაგიროების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „პომამ“ უზრუნველყო. სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტი 100 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მას საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობა აფინანსებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება . თეთნულდის სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე ამ დროისთვის 7 კილომეტრია, აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი 3,5 კილომეტრია. თუმცა 2016 წლისთვის დაგეგმილია სასრიალო გზის 30 კილომეტრამდე გაზრდა. (სასრიალო გზის კლასიფიკაცია შემდეგია: ლურჯი – მოყვარულთათვის, წითელი – პროფესიონალებისთვის და შავი- ექსპერტებისთვის).

სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე გახანგრძლივდება. ახალ კურორტზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, მათი გადამზადება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინიციატივით, უკვე დაიწყო.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.