ქალაქ ანაკლიის პროექტი ჰამბურგში გამართულ ბიზნეს ფორუმზე 50-მდე კომპანიას წარუდგინეს

0

ქალაქ ანაკლიის პროექტი ჰამბურგში გამართულ ბიზნეს ფორუმზე 50-მდე კომპანიას წარუდგინეს, სადაც საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო, ლოგისტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები განიხილეს.

ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, მანუფაქტურულ,  ენერგო და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებთან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები „ანაკლია სითის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა წარადგინა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერად გერმანულ-ქართულ ბიზნესფორუმს დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მთავარ თემებს შორის ასევე განიხილეს საქართველო, როგორც ლოგისტიკური კვანძი  ევროკავშირსა და ჩინეთს შორის და პროექტის „ერთ სარტყელი, ერთი გზა“ კავკასიის დერეფნის პერსპექტივები და შესაძლებლობები.

„ამ დერეფანში კი, ანაკლიის პორტი, ქალაქ ანაკლიითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით სწორედ ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პერსპექტიულ კვანძად მოიაზრება. ქალაქ ანაკლიის, ისევე როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტმა ფორუმზე დიდი ინტერესი გამოიწვია და, ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეხვედრები როგორც პროექტისთვის, ისე მთლიანობაში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა „ანაკლია სითის“ ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა.

ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება,  რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ახორციელებს, 2017 წლის ივნისში დაიწყო და ამ პერიოდისთვის კომპანიამ უკვე გააფორმა მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან და კომუნიკაცია დაიწყო 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან. ამასთან, „ანაკლია სითი“ ახორციელებს აქტიურ კამპანიას როგორც ანაკლიის პორტის, ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის. ოქტომბრის თვეში სამხრეთ კორეასა და შვეიცარიაში შეხვედრების შემდეგ, 13 ნოემბერს „ანაკლია სითის“ დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი კომპანიის გუნდთან ერთად პროექტს ბიზნესოპერატორებს ავსტრიაში წარუდგენს.

ქალაქი ანაკლია, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებით განვითარდება, რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება.  ქალაქის გაშენება ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. „ანაკლია სითი“ მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს.

სხვა ახალი ამბები: