ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი კოლეგებს და მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

0

“როგორც მაჟორიტარი მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარებს, რწმუნებულებთან და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად ჩაერთონ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ კამპანიაში”-ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში დღეს გამართულ შეხვადრაზე აღნიშნა.

ქვარაიას განცხადებით, მათ აქვთ ვალდებულებები ხელისუფლების პირველ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

“მათ აქვთ ვალდებულებაც და შესაძლებლობაც მიაწოდონ ხელისუფლების პირველ პირებს ის საჭიროებები, რაც ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ფარგლებში გამოიკვეთება. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა საინიაციტივო ჯგუფებთან ერთად განახორციელონ მონიტორინგი მთელს პროცესზე, იტვირთონ შუამავლის ფუნქცია ხალხსა და ხელისუფლებას შორის და თავიანთი აქტიურობით ხელი შეუწყონ საზოგადოების ინფორმირებულობას და მაქსიმალურ ჩართულობას პრობლემის ეფექტურად გადასაწყვეტად”-აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.

ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოუწოდა მედიას და განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებლეს უფრო მეტი დრო დაუთმონ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გაშუქებას.

“მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედიას, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ მაუწყებელს, მეტი დრო დავუთმოთ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გაშუქებას. ინტენსიურად და პროფესიონალურად, მარტივად გასაგებ ენაზე მივაწოდოთ ხალხს , თუ რას აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს ფერმერები და რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ დროის ამ თუ სხვა პერიოდში ფაროსანას დასამარცხებლად. ერთის მხრივ სწორად და ინტენსიურად წარმოებული საინფორმაციო კამპანიის, მეორეს მხრივ კი საზოგადოების სრული მობილიზების და აქტიური ჩართულობის გარეშე ამ პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა ძალიან რთული იქნება”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ცნობისათვის, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, აზიური ფაროსანასა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე , საჯარო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე მაიზერ ნანავა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას მერაბ ქვარაია და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია უძღვებოდნენ, რომლებმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აზიური ფაროსანას შესახებ.

მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია მავნებელთან ბრძოლის მეთოდების და ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ, ასევე რა გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხბეში.

ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.