“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატები სენაკსა და აბაშაში წარადგინა

0

“ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აბაშა-მარტვილისა და სენაკის ამომრჩევლებს წარუდგინა, მაჟორიტარებად მმართველმა გუნდმა სენაკში, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია, ხოლო მარტვილი-აბაშის ოლქში, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი, ოთარ დანელია წარადგინა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, თქვენს რიგებში, სენაკელებთან ერთად გავაგრძელო ის დიდი საქმე, რომელიც ამ ქუჩებში 2012 წელს დავიწყეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება. წნეხისგან გავათავისუფლეთ სასამართლო, ბიზნესი, მედია. უფრო აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო თანამშრომლობაში, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყანა სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორად ვაქციეთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ქვეყანა წარმატებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყავს. ახალი ფურცელი იშლება სენაკის ცხოვრებაშიც. სენაკი ჩემთვის არის სიყვარულის, მეგობრობის, ნდობის, ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, წარსულისა და მომავალი გამარჯვებების სიმბოლო. მჯერა, რომ ჩვენ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ საპარლამენტო არჩევნებზე და ერთად გავაგრძელებთ ევროპული ქვეყნის მშენებლობას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამომრჩევლების წინაშე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარადგინეს.

ხვალ “ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წანეჯიხაში წარადგენს.

სხვა ახალი ამბები: