ქართველი დედა რომელმაც შვილს თირკმელი გადაუნერგა, ამერიკიდან ზუგდიდში დაბრუნდა (ვიდეო)

0

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ერთ-ერთი თანამშრომლის, ნანა გულუას ამერიკიდან დაბრუნება აღნიშნეს. ნანა გულუა ოთხ თვეზე მეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მან საკუთარი შვილის, ნინო სარიას სიცოცხლე გადაარჩინა.

ცნობისათვის, ნინო სარიას დედის, ნანა გულუას თირკმლები გადაუნერგეს. აღნიშნული ფაქტი ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო კლინიკის მედპერსონალი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ქართველი დედის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე.

“ამერიკული პრესის წარმომადგენლები ოპერაციის დღეს იქ იყვნენ. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ზეიმობდნენ ამ ფაქტს. ეს იყო საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში. მე ვარ ბედნიერი დედა, რომ შევძელი ჩემი შვილის გადარჩენა. მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქს და საყვარელ საქმეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში”-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი ნანა გულუა.

“ჩვენი ოჯახის წევრს და საყვარელ ადამიანს შეუსრულდა ოცნება და მან შეძლო საკუთარი შვილის გადარჩენა. მინდა ვთქვა, რომ ჯანმრთელობის დაცვას საზღვრები არ აქვს. დღეს მედიცინის შესაძლებლობები ძალიან დიდია და ზუსტად ჩვენ ამ მხარდაჭერით იმასაც გამოვხატავთ, რომ ძალიან გვინდა წინ წავიდეთ და ფეხი აუწყოთ დღევანდელი ჯანდაცვის განვითარების თემას. ჩვენ გპირდებით, რომ მალე ჩვენს დაწესებულებებში თქვენ მიიღებთ იმას, რაც მსოფლიოში კეთდება და ხელმისაწვდომია. ძალიან გვიხარია ჩვენი ნანას ბედნიერად დაბრუნება და  რაც მთავარია ნინოს გადარჩენა”-განაცხადა კომპანია “პრაიმედის” ხელმძღვანელმა ლიკა ჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, ნინო სარიას დედამ, ნანა გულუამ საკუთარი თირკმელი გადაუნერგა. გასულ წელს დაგეგმილი ოპერაცია, რომლის დროსაც ნინო სარიას ამერიკელი მამაკაცი გადასანერგად თავის თირკმელს აძლევდა, NBC-ს პირდაპირ ეთერში უნდა გაეშუქებინა. ოპერაციაზე წერდა ABC, BBC, PEOPLE და აშშ-ს სხვა წამყვანი გამოცემები, თუმცა პენსილვანიის უნივერსიტეტის საავადმყოფოში დანიშნული თირკმლის გადანერგვის ოპერაცია მაშინ ჩაიშალა. ამერიკელ გლენ კალდერბანკს, რომელიც ნინოს საკუთარ თირკმელს სრულიად უანგაროდ აძლევდა, გაკვეთისას ღვიძლის დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა და ექიმებმა თირკმლის ამოკვეთა გადაიფიქრეს.

ნინოს უკანასკნელი იმედი მისი დედა იყო, თუმცა საქრთველოში ამერიკის საკონსულო უარს ამბობდა დედისთვის ვიზის გაცემაზე. ნანა გულუას შვილთან ჩასვლა მხოლოდ სენატორ მენენდეზის ჩარევის შედეგად მოხერხდა, რომელმაც დედა-შვილი ოპერაციამდე მათივე სახლში ინახულა და გაამხნევა.

 

სხვა ახალი ამბები: