ქართველი ქალი ჩემოდანში – თურქმა მესაზღვრეებმა სარფში დეპორტირებული ქალი დააკავეს

0

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე პოლიციამ ორი ქართველი მას შემდეგ დააკავა, რაც ქალი თურქეთში შესვლას ჩემოდანში დამალული ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, წყვილი სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის ჭიშკართან, ხოფის რაიონში დააკავეს. პოლიციამ საეჭვოდ მიიჩნია ჩემოდნით მოძრავი მამაკაცი. სამართალდამცავებმა მას ბარგის გახსნა მოსთხოვეს, ჩემოდანში კი ქალი აღმოჩნდა დამალული.

დაკვითხვის დროს, თურქმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ 28 წლის ქალი თურქეთიდან დეპორტირებული იყო. გამოძიება მიმდინარეობს, წყვილი პოლიციაშია გადაყვანილი.

Daily Sabah-ის ცნობით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი შემთხვევა სამი დღის წინაც მოხდა, როდესაც თურქეთში უკანონოდ შესვლას  ჩემოდანში დამალული კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდა.

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც საკითხს ამ დრომდე არკვევენ.

სხვა ახალი ამბები: