ქუჩა თუ პარლამენტი? – “ნაციონალები” ხვალინდელ დღეს ელოდებიან

0

2016 წლის არჩევნებზე დამარცხებული პარტია “ნაციონალური მოძრაობა” უკვე კრიზისს განიცდის. ოპოზიციური პარტია კლანებად დაიყო, რომელიც შიგნიდან იხლიჩება და ერთმანეთს უპირისპირდება. ყველაზე ძლიერ კლანს წარმოადგენს გიგა ბოკერიას და თავად პრეზიდენტყოფილის, მიხეილ სააკაშვილის კლანი.  საგულისხმოა ერთი დეტალი, “ნაციონალების” ორივე კლანში გაერთიანებული წევრების აზრიც ორად იყოფა. ბოკერია არ თანხმდება ახალ პარლამენტში შესვლას და მანდატების მიღებას, თუმცა ამ მხრივ არც სააკაშვილია გამონაკლისი.

ექსპრეზიდენტი აღარ არის ისეთი შემტევი და აქტიური, როგორც არჩევნებამდე. სააკაშვილი იმდენად არის დამფრთხალი, რომ საკუთარ გუნდს უკან დახევისკენ თავად მოუწოდა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

“ამ სიტუაციაში საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში რამე შეიცვლება, სანამ მთავარი ფაქტორები არის იქ, უაზრობაა. მეორე ტურის წინ ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ მის კანდიდატებს გაამარჯვებინებს ყველა ოლქში. რა თქმა უნდა, დღევანდელი საარჩევნო სისტემის პირობებში ეს ასეც იქნება. ამიტომ, მე ვერ ვხედავ აზრს. რა თქმა უნდა, ეს ყველა კანდიდატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია მეორე ტურში მონაწილეობა და ამით ლეგიტიმაცია ძალიან უხეში დარვევებით ჩატარებული არჩევნების. რა შეეხება შემდგომ მოქმედებებს, ახლა არ არის ხელების ჩამოშვების დრო. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ შემდგომი პერიოდი იქნება ძალიან რთული”,-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

დავით ბაქრაძე, რომელიც ამ დროისთვის “ნაციონალების” გუნდს ლიდერობს, მომავლის იმედს არ კარგავს. მას მიაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ისევ მთავარი ძალაა. ბაქრაძემ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

“დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. ამიტომ ჩვენი ბროლა გრძელდება, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ”-აცხადებს ბაქრაძე და იქვე აღნიშნავს:

“ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, დაანონსებული და ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, გულის მოფხანას და რეალურად გააძლიეროს დღევანდელი ხელისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას და იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს. ჩვენ გეგმას წარმოვადგენთ რამდენიმე დღეში”.

ახალ პარლამენტში შესვლის მომხრეა “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი ელენე ხოშტარია. ხოშტარიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება დაწერა. ის ბოიკოტის წინააღმდეგ გამოდის.

“ბოიკოტი არის დღეს მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი, შესაბამისად, ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო”-წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ელენე ხოშტარია.

ამ ყველაფრის ფონზე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამერიკიდან მიიღო “ჩუმად ყოფნის” მკაცრი დირექტივა. ბობოქარი პრეზიდენტყოფილის მშვიდი ტონიც სწორედ ამ დირექტივას უკავშირდება. სააკაშვილი როგორც არასდროს, უპრეცედენტოდ გაწონასწორებულია.

მიუხედავად ყველაფრისა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ხვალინდელ დღეს ელოდებიან. ხვალ პარტიის მთავარ ოფისში პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს-“ნაციონალები” შევლენ პარლამენტში თუ აირჩევენ ქუჩას.

სხვა ახალი ამბები: