რა მოხდა მე-15 ბაღში და რას ამბობენ ზუგდიდის მერიაში?

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნომერ 15-ე ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიამ მოკვლევები უკვე დაიწყო. ამის შესახებ დამატებით ინფორმაციას ზუგდიდის მეიაში ხვალიდან გასცემენ. SMO NEWS-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად კი აღნიშნულ საბავშვო ბაღში ადგილი  ჰქონდა გაუგებრობას, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი საბავშვო ბაღში მშობელმა ზეიმზე, რომელიც 11 საათზე იწყებოდა, დაგვიანებით მიიყვანა. დაგვიანებით მოსულ ბავშვს კი საბავშვო ბაღის სამი შესასვლელიდან ის კარი დახვდა ჩაკეტილი, რომლითაც ხშირად სარგებლობდა. კარის გაღება მხოლოდ 10 წუთით დაგვიანდა, რომლის მიზეზადაც ბაღში გასაღების ძებნას ასახელებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღში 11 საათზე დაწყებულ ზეიმს აუტისტური სპექტრის მქონე სხვა, ორი ბავშვი თავიდანვე უპრობლემოდ ესწრებოდა. ამის შესახებ SMO NEWS-თან ბაღის თანამშრომლებმა განაცხადეს. მათივე განმართებით, მომჩივანმა მშობელმა ბავშვი საბავშვო ბაღში დატოვა და მან ამის შემდეგ შეძლო მომდევნო ღონისძიებაზე დასწრება. რამდენიმე საათიანი ინტერვალის შემდეგ, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელმა მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მწვავე განცხადება გააკეთა.

როგორც SMO NEWS-თან ინფორმირებული წყაროები ამბობენ, პროტესტი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთან დაკავშირებით მშობელმა სოციალურ ქსელში გამოხატა, თუმცა თავად ბავშვი საბავშვო ბაღში დღის ბოლომდე მაინც იმყოფებოდა.

“უბრალოდ ეს იყო სრული გაუგებრობა და სხვა არაფერი. ვერ მოიძებნა იმ კარის გასაღები მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში, რომლითაც ეს ბავში ყოველთვის სარგებლობდა. არც კი წარმოგვედგინა თუ ეს იქნებოდა განსახილველი თემა სოციალურ ქსელში იმ ფონზე, როცა ბავშვი ჩვენთან იმყოფებოდა  დღის ბოლომდე ბაღში”-აცხადებს SMO NEWS-თან საუბარში ერთ-ერთი თანამშრომელი.

მე-15 ბაღის გამგე, ინეზა ნადარაიაც იმავეს აცხადებს. მისი თქმით, იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ.

SMO NEWS ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ბაღში მომხდართან თაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიღებული აქვს და მოკვლევა ამ საკითხზე კვლავაც გრძელდება.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მე-15 ბაღში მომხდართან დაკავშირებით შეხვედრას პირადად ზუგდიდის მერი მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად ამ დრომდე ესწრებოდა. ლაშა გოგიას განცხადებით, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.