რატომ უწოდებს საკრებულოს წევრი კოლეგას ავატიურისტს? – ახალი დაპირისპირების კერა ზუგდიდის საკრებულოში

0

ყოფილი თანაპარტიელები და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში ჯერ კიდევ მოქმედი თანაფრაქციელები ერთმანეთს ჯერ საკრებულოს სხდომაზე დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი დაპირისპირებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. საქმე ეხება ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ამჟამად უკვე ახალ პოლიტიკურ მოძრაობა “ევროპულ საქართველოში” გადაბარგებულ ბათლომე შელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ წევრს ანა წითლიძეს.

შელიასა და წითლიძის დაპირისპირება ზუგდიდში დევნილთა შიმშილობის აქციის თემამ განაპირობა. ბათლომე შელიამ კოლეგას მატყუარა უწოდა და იქვე ურჩია, რომ სანამ ტყუილებით იდემაგოგებდა, მანამ ინფორმაცია გადაემოწმებინა. მოგვიანებით კი შელიამ სოციალურ ქსელზე იგივე წითლიძეს ავანტიურისტიც უწოდა.

პოლიტიკური ავანტიურიზმის მაგალითი წარმოგვიდგინა დღეს ჩემმა კოლეგამ ენმ-დან…

ზუგდიდში დევნილების შიმშილობის მესამე დღეს პარლამენტის წევრმა ლელა ქებურიამ და მე მოვინახულეთ მოშიმშილე დევნილები, გავეცანით მათ მოთხოვნებს მედიის და ფოტო გაშუქების გარეშე…

მეორე დღეს ლელა ქებურია გაემგზავრა თბილისში, პრობლემა გააცნო პარლამენტის ფრაქციის წევრებს და დაიწყეს საკითხის გარკვევა.

იმავე დღეს ენმ-ს წევრებმა, ქალბატონი წითლიძის ლიდერობით მოინახულეს დევნილები ჟურნალისტების და ფოტოგრაფების თანხლებით… (გაშუქების თემას იმიტომ ავღნიშნავ განსაკუთრებით, რომ დღეს წითლიძემ ჩვენ დაგვაბრალა კამერებთან პოზიორობა

მესამე დღეს ჩვენი დეპუტაციის თხოვნით ჩვენ დევნილებს მივუტანეთ მათთვის საჭირო სხვადასხვა ნივთები (შეშა, წყალი და ა.შ.), ისევ კამერების და ამ თემის სადმე ღიად დაფიქსირების გარეშე…

იმავე დღეს იყო მისული ქაბატონი წითლიძე პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად ისევ მედიის თანხლებით და სხვა და სხვა საჩუქრებით…

მეოთხე დღეს პარლამენტის ჩვენმა წარმომადგენლობამ შესთავაზა დევნილებს თბილისში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა და დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან, პარლამენტში ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღება.
დევნილებმა თბილისში გამგზავრებას არჩიეს პარლამენტის ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლებთან ადგილზე ზუგდიდში შეხვედრა და პრობლემების გაცნობა…

1 თებერვალს, შიმშილობის მეხუთე დღეს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხომაზე, ელენე ხოშტარიამ კომიტეტის წევრებს წევრებს და სხდომაზე მოწვეულ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებს გააცნო მოშიმშილე დევნილების მოთხოვნა და კომიტეტს მიმართა ინიციატივით შეკითხვებზე პასუხის გასაცემად კომიტეტის სხდომაზე დაბარებულიყო სოზარ სუბარი.

შიმშილობის მექვსე დღეს ჩვენი პარტიის ლიდერები (დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, თენგიზ გუნავა…) შეხვდნენ მათ და გაეცნენ მათ მოთხოვნებს… მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო მედია იქ და სხვაგვარად ვერც იქნებოდა. პარტიის ლიდერების ჩამოსვლას და მათ ყველა გადაადგილებას მედიის წარმომადგენლები უყურადღებოდ როგორც წესი არ ტოვებენ…”-წერს სოციალურ ქსელში საკრებულოს წევრი ბათლომე შელია.

საკრებულოს წევრის, ბათლომე შელიას სოციალური ქსელის მეშვეობით გაკეთებული განცხადება სავარაუდოდ იყო პასუხი წითლიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან ზუგდიდელი პარლამენტის წევრები დევნილებისადმი გულგრილობაში და უყურადღებობაში დაადანაშაულა. თავად წითლიძეს სოციალურ ქსელში საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

სხვა ახალი ამბები: