REUTERS: “პრემიერი პირობას დებს, რომ არ ეცდება, სააკაშვილი დააპატიმრონ”

0

Georgia's Prime Minister Bidzina Ivanishvili speaks during a news conference in Tbilisi“საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ არ ეცდება, სააკაშვილი დააპატიმრონ”, – ამ სათაურით აქვეყნებს “როიტერი” სტატიას ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

“როიტერის” ინფორმაციით, საქართველოს პრემიერი იმედოვნებს, რომ შეამცირებს არასტაბილურობასთან დაკავშირებულ შიშს და აცხადებს, რომ არ შეეცდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას, როცა მისი მეტოქე თანამდებობას დატოვებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

როგორც ავტორი წერს პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს და შემცვლელად თავისი მთავრობის ერთ-ერთ წევრს დაასახელებს, თუმცა ვინაობა არ გაუმხელია.

„ევროკავშირის მინისტრებმა გამოთქვეს შიში, რომ ივანიშვილი რევანშს აიღებს სააკაშვილზე თვეების განმავლობაში მთავრობის გადაწყვეტილებების დაბლოკვისთვის და მოახდენს ზეწოლას, რომ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცეს“,–წერს ავტორი.

“ევროპელები და ამერიკელები მეგობრულ რჩევას გვაძლევენ, რომელსაც ვეთანხმები, რომ პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყნის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს”, – აცხადებს ივანიშვილი.

“როიტერთან” საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის უსისხლო რევოლუციის შედეგად მოვიდა, შესაძლოა, საპრეზიდენტო იმუნიტეტის დაკარგვის შემდეგ პოლიციის მიერ დაიკითხოს. თუმცა, ივანიშვილისვე თქმით, ის დაჟინებით არ მოითხოვს სააკაშვილის დაპატიმრებას, რადგან ცუდი იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში აღმოჩნდება.
„საუბრისას ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რაში შეიძლება დაადანაშაულონ სააკაშვილი. თუმცა, როგორც ცოტა ხნით ადრე ივანიშვილმა განაცხადა, შესაძლოა, სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამო დაიკითხოს”, -ნათქვამია “როიტერის” სტატიაში.
“როიტერთან” საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ხმების 60%-ით გაიმარჯვებს, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მეორე ტური.
პრემიერის თქმით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ, მის მთავრობა ღირსეულად უძღვება ქვეყანას.

“არჩევნები ამის კარგი დადასტურება იქნება”, – აცხადებს ივანიშვილი.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა დაესახელებინა, ვინ იქნება მომავალი პრემიერი – საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მაგრამ განაცხადა, რომ საპრემიერო კანდიდატის ვინაობას 2 ნოემბერს დაასახელებს.

“ეს იქნება მინისტრთა კაბინეტის წევრი, ერთ-ერთი მინისტრი, ჩვენი გუნდის წევრი. 19 ან 20 ნოემბერს, ჩვენ ახალი მინისტრთა კაბინეტი და ახალი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება. მე კი ამის მერე თავისუფალი ვიქნები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “როიტერთან” საუბრისას.

სტატიის ავტორს ოპონენტების ვარაუდი მოყავს, რომლის თანახმადაც,  ისინი ამბობენ, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმა კულისებიდან განაგრძოს ქვეყნის მართვა, რაც არაკონსტიტუციური იქნება.
“საკუთარ თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ გვერდიდან დავსვა შეკითხვები და ბრძანებები გავცე. თუ მთავრობას ამის სურვილი ექნება, დამირეკავენ. საწყის ეტაპზე, ეს ნორმალური იქნება, მაგრამ თანდათანობით ეს სულ უფრო ნაკლებად მოხდება”, – განუცხადა პრემიერ–მინისტრმა „როიტერს“.

წყარო: http://www.reuters.com/article/2013/10/25/us-georgia-election-ivanishvili-idUSBRE99O11320131025

სხვა ახალი ამბები: