რუხის სავაჭრო ცენტრში ახალი ბრენდირებული მაღაზიები გაიხსნა

0

ზუგდიდის რაიონში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრს ავეჯის მაღაზია „ემბავუდი” და სუპერმარკეტი „იალჩინი“ შეემატა. ობიექტებზე დამატებით 20-მდე ადგილობრივი დასაქმდა. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ მოლაპარაკება დაასრულა ავეჯის მაღაზია „ბელუქსთან“, რომელიც მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში განთავსდება რუხის სავაჭრო ცენტრში. მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით ოპერირებენ სურსათის ჰიპერმარკეტი „ლიბრეს“ ფილიალი, რომელიც ადგილობრივ მომხმარებელს პირველადი მოხმარების და სხვა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს სთავაზობს, საშენ მასალათა ყველაზე დიდი მაღაზიების ქსელის „გორგიას“ ფილიალი და ავტოსერვისის ლიდერი კომპანია “თეგეტა მოტორსის“ მაღაზია და სერვისცენტრი.

რუხის სავაჭრო კომპლექსში განლაგებულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო, საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.

კომპლექსი 10 შენობითაა წარმოდგენილი, რომელთა საერთო ფართი 10 000 მ2-ს შეადგენს, ხოლო საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია უმაღლესი ევროპული სტანდარტით დაცვით. სავაჭრო ფართები აღჭურვილია გათბობა ვენტილაცია/კონდიცირების, თანამედროვე სისტემებით. საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დაასრულდა.

მშენებლობის პროცესში ობიექტზე ყოველდღიურად 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 700-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირება საპარტნიორო ფონდმა განხორციელა.

სხვა ახალი ამბები: