რუსმა სამხედროებმა ხურჩის საზღვართან დაკავებული ათი ადამიანი გაათავისუფლეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა ათამდე ადამიანი დააკავეს, თუმცა შესაბამისი საბუთების შემოწმების შემდეგ დაკავებული მოქალაქეები, რომლებიც გალელები აღმოჩნდნენ, დაუყონებლივ გათავისუფლეს.

“რუს სამხედროებს ეგონათ ეს ადამიანები ზუგდიდელები და სწორედ ამ მიზნით დააკავეს. როცა მათ აღმოაჩნდათ შესაბამისი საბუთები და გაირკვა რომ ყველა გალის მკვიდრი იყო, დაუყონებლივ გაათავისუფლეს. ათივე ადამიანი რუს სამხედროებს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.”-აცხადებს smo news-ის წყარო.

smo news რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ხურჩაში ბადრი ხუნჯგურუას. ხუნჯგურუას ინფორმაციით, დღეს დილით ადგილი ჰქონდა რუსი სამხედროების გადმოსვლას არა ხურჩის, არამედ ორსანტიის ტერიტორიაზე, თუმცა მათ აღნიშნული სოფლის ტერიტორიაზე არავინ დაუკავებიათ.

“მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსი ე.წ მესაღვრეები დილით იყვნენ გადმოსული არა ხურჩაში, არამედ სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე, თუმცა მათ იქ არავინ დაუკავებიათ. სხვა ინფორმაციას მე სამწუხაროდ არ ვფლობ”-აცხადებს ბადრი ხუნჯგურუა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ ფლობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე ჩიკვაიძე.

“ჩვენი ხალხი მუშაობს ადგილზე, თუმცა ჯერჯერობით ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ.”-აცხადებს ალექსანდრე ჩიკვაიძე smo news-თან სატელეფონო საუბარში.