სააკაშვილი დუმს – “ნაციონალები” პარლამენტში შესასვლელად და მეორე ტურისთვის ემზადებიან

0

მიუხედავად ოდესის გუბერნატორის მრავალგზის მოწოდებისა სოციალური ქსელისა და სკაიპიის საშუალებით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ ერთხმად გადაწყვიტა ახალ პარლამენტში შესვლა. მათ შორის გამსვლელ სიაში მოხვედრილმა იმ დეპუტატებმა, რომლებიც “უკრაინელ მბრძანებელს” საქართველოდან სრულ სოლიდარობას უცხადებდნენ. სწორედ ამ კატეგორიამ, პოლიტსაბჭოს ანუ როგორც ამბობენ, “ნაციონალების” საიდუმლო სერობის შემდეგ პრესასთან თავჩაღუნული კომენტარებიც გააკეთეს.

საკუთარი მეუღლის მოწოდებებზე კომენტარი გასული სამი დღის განმავლობაში არ გაუკეთებია “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს სანდრა რულოვსს. მისი პოზიცია მხოლოდ ბოლო დღეს გახდა ცნობილი, როცა მან საკუთარი თავი გამარჯვებულად მიიჩნია, თუმცა დაჩაგრეს და არჩევნები ტოტალურად გაუყალბეს. სანდრა რულოვსს არაფერი უთქვამს ახალ პარლამენტში შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით. ირიბად მხოლოდ ის აღნიშნა, რომ კონსულტაციებს უკრაინიდანაც იღებს მეუღლისგან და საქართველოშიც.

ამ ეტაპზე მხოლოოდ ერთი რამ ხდება ნათელი. სანდრა რულოვსს პირველ ტურშივე აქვს წარმატების იმედი. მისი აზრით, ხელახალ კენჭისყრაზე, რომელიც ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე უნდა ჩატარდეს, ის 50%-იან ბარიერს გადალახავს.

ახალ პარლამენტში “ნაციონალების” შესვლა-არ შესვლის საკითხს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვათავად პარტიის ლიდერებისა და მხარდამჭერებისგან. პირველი, ვინც ახალ პარლამენტში “ნაციონალების” შესვლის აუცილებლობაზე ალაპარაკდა, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია იყო. მან დაუფარავად გააკრიტიკა პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი და დეპუტატობის ის კანდიდატები, რომლებიც სააკაშვილის მოწოდებებს ოვაციებით ხვდებოდნენ.

“უნდა გავიზარდოთ და ზრდის პროცესში ქუჩაში დგომა არაფერს მოგვცემს. ჩვენ პარლამენტშიც უნდა გავზარდოთ მომავალი კადრები, საკრებულოებშიც და პარტიიის ოფისებშიც.
პარლამენტში არ შესვლა ხომ ვიცით რომ ბოლოს მაინც ქუჩის აქციებით დამთავრდება და დღეს ჯერ არ არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ გვერდში დაგვიდგეს…
უნდა ვაცალოთ მათ ჩაიხედონ საკუთარ გადაწყვეტილებაში და ყველა დონეზე დავანახოთ მათი შეცდომა.
ყველამ ვიცით, რომ 2020-მდე ვერ შევცვლით ამ ხელისუფლებას და მიმაჩნია რომ ყველა დონეზე აქედანვე ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…”-წერდა ბათლომე შელია სოციალურ ქსელში და გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს.

შელიასგან განსხვავებით, დაგვიანებული კომენტარები გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ, რომელიც ასევე ზუგდიდის საკრებულოს წევრიცაა. წითლიძიის აქტიურობის დაგვიანებას სოციალურ ქსელში ერთი რამით ხსნიან. “აქტიური” დეპუტატი, ორად გაყოფილ “ნაციონალებში” გამარჯვებულის გამოვლენას დაელოდა. და სწორედ, მისი პირველი გამოხმაურება მიმდინარე მოვლენებს მას შემდეგ გაჩნდა, რაც გადაწყდა, რომ “ნაციონალები” ახალ პარლამენტში შედიან.

“მეტი შიდა დემოკრატია და დაშვებული შეცდომების ანალიზი -ამას უნდა იფიქროს პარტიამ. ახალი კვალიფიციური კადრები არ მოვლენ იქ სადაც ეს არ არის. პარტიის მენეჯმენტია სერიოზულად გადასახედი. ახლა ერთობის დროა და არა დაპირისპირების ვისაც ეს არ ესმის იდიოტია”-წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

“ნაციონალური მოძრაობის” ახალ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება და მისი მნიშვნელობა სოციალურ ქსელში განმარტა ზუგდიდის ორგანიზააციის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ლიდერმა თენგიზ გუნავამ. გუნავას პოზიციას რადიკალურად განსხვავებული აზრები მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებმა ახალ პარლამენტარებს გადაწყვეტილება დაუწუნეს და კრიტიკის ქარჩეცხლშიც გაატარეს.

“ჩემო მეგობრებო, მე მესმის ბევრი თქვენთაგანის გაბრაზების, ემოციურად ცხადია გასაგებია ის რეაქციები რაც გქონდათ, სხვას არც ველოდი, მაგრამ ჩვენი და იგივე იმ ხალხის მომავლისთვის ვინც მხარი დაგვიჭირა ან ამ ეტაპზე მხარი არ დაგვიჭირა, გადაწყვეტილების წყნარად მიღება იყო საჭირო რაც მოხერხდა კიდეც, ნუ დაგვავიწყდება თავისუფლებისა და ქვეყნის გადარჩენის გზა 4 წელზე არ გადის მხოლოდ, ის გრძელდება მანამ სანამ საერთო გამარჯვებას არ მივაღწევთ, ვინც კარგად მიცნობს იცის რომ ბრძოლაზე არასოდეს ვამბობ უარს, ბუნებრივია შეიძლება შეცდომაც დამიშვია თუმცა სინდისთან კომპრომისი არ მქონია ვინაიდან ვთვლიდი რომ მართალი ვიყავი, რუს ოლიგარქ ივანიშვილს არც ქვეყნის განვითარება ადარდებს, არც ჩვენი მოქალაქეების პრობლემა, მას სურს ბოლომდე ჩაიგდოს ყველა ბერკეტი რაც არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შეუშალოთ მას მის მზაკვრულ გეგმების განხორციელებაში, როგორც პარლამენტში ისე ყველგან, მიღებულია გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ ჩვენ შევდივართ ამ რთულ, ამავდროულად ჩემის აზრით აუცილებელ ბრძოლაში, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარი დაგვიჭირა და იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!”-წერს გუნავა სოციალურ ქსელში.

“და იმ მშიერ და გაღატაკებულ ხალხს ვინ მეხმარება იმედი რომ ჰქონდათ უკეთესობის ენმ-ს გამარჯვების შემთხვევაში?თუ რამეს გადაწყვეტთ პარლამენტში?ბოკერია და მისი ცოლი არ დაგეკარგოდ სადმე 4 წელი იცხოვრებთ ბედნიერად და მერე კიდე რაღაცას იქნება……..ხალხის ფულს 4000 ლარს კიდე კი ჩაიდებთ ჯიბეში და ჩვენ რა ვქნათ პარტიის ერთგულების გულისთვის ქვეყანა რომ დავტოვეთ ოჯახი ვალებში რომ ჩავაგდეთ 1 %ტსაც ვეღარ აიღებთ ყოველ წელიწადს უამრავ ხალხს კარგავთ შევცდი ეხლაც ხმა თქვენთვის რომ მივაცემინე ისევ ჩემებს……..ვინც თანამდებობებზე იყავით ყველა კარგად ხართ ბევრი თუ ცოტა შემოსავალი კი გაქვთ და ჩემნაირების ბედი არც გაწუხებთ ეხლაც საკუთარ თავებზე ფიქრობთ გარიგებაში ხართ ბორკასთან თორე პარლამენტში რა ნამუსით შედიხართ ესეიგი არ გაუყალბებია და მართალი ყოფილა ის კაცი თქვენც დაუდასტურებთ……….ესეიგი მეც რომ ამეღო ფული ქოცებიდან ეხლა ჩემს შვილებთან ვიქნებოდი მანქანასაც არ წამართმევდენ და სამსახურიც მექნებოდა მაგრამ არ გავიყიდე და დღეს ემიგრაციაში ვარ ყველა და ყველაფერი მენატრება რისთვის ვიბრძოლე 8 წელი რომ სხვებს ეცხოვრა ფუფუნებაში და მე ვალების გადახდაში მხდებოდეს სული?ბრაო ბრაო………….მოვა დრო ყველა აგებს პასუხს ყველაფერზე…..”,-წერს თენგიზ გუნავას გვერდზე “ნაციონალური მკოძრაობის” ერთ-ერთი მხარდამჭერი ოთიკო მარდელაშვილი.

მიუხედავად სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებისა, “ნაციონალებმა” თავად გადაწყვიტეს საკუთარი მომავალი. ამ დრომდე კი ბოლო დროს გააქტიურებული ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დუმს. როგორც ამბობენ, მის გადაწყვეტილებებს საკუთარმა მეუღლემაც უღალატა. სანდრა რულოვსი ჯერ პირველი ტურის დასრულებას, შემდეგ კი მეორე ტურს ზუგდიდში დაელოდება. დამარცხების შემთხვევაშიც ჰოლანიელი ქალბატონი პარლამენტის პირველი სხდომისთვის მოემზადება.

სხვა ახალი ამბები: