“საბავშვო არქეოლოგია”- საგანმანათლებლო პროექტი ნოქალაქევში

0

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუზეუმის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო არქეოლოგია’’, რომელმაც ქალაქ სენაკის ყველა საჯარო და კერძო სკოლა მოიცვა.

პროგრამის ბოლო დღეს, პროექტს, რომლის ანალოგი მხოლოდ მცხეთას უკავშირდება, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია და განათლების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვასილ ბესელია შეუერთდნენ. დღეს, აფხაზეთის მე-7 სკოლის მოსწავლეებს, პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდათ ზოგადი საუბრები არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ბავშვები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის სამარხებს, დაკრძალვის უძველეს წესს, აღიჭურვნენ არქეოლოგიური იარაღებით და ხელმძღვანელის დახმარებითა და მეთვალყურეობით იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა. შემდგომ, მათ იმსჯელეს მოპოვებულ ნივთებზე და მოახდინეს ექსპონატების ფიქსაცია ,,ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში“.

მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსწავლეებთან ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის უმთავრესი მისიაა მოზარდის მიახლება საკუთარი ქვეყნის უმდიდრეს ისტორიასთან და მისი ღრმა შესწავლითა და მეცნიერული კვლევებით დაინტერესება. პროგრამის მონაწილე ბავშვებმა გამოხატეს საგანმანათლებლო პროექტში ჩართულობით მიღებული შთაბეჭდილებები და პედაგოგებთან ერთად მადლობა გადაუხადეს პროექტის ავტორებს და მუზეუმის თანამშრომლებს. დასასრულს, მათ ,,ნორჩი არქეოლოგის’’ სერთიფიკატი გადაეცათ.

პროგრამის ფარგლებში, ,,საბავშვო არქეოლოგიაში’’ 250-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი, რომელიც სხვადასხვა ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის არის განსაზღვრული, გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურას და მისი დაცვის აუცილებლობას ბავშვებს პატარა ასაკიდან აზიარებს.

სხვა ახალი ამბები: