საერთაშორისო გამჭვირვალობა – ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები „ეროვნული ფორუმის“ საარჩევნო კამპანიაში ფოთში

0

სოციალურ ქსელში გავრცელდა „ეროვნული ფორუმის” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ოთარ ხარჩილავას „ახალგაზრდული ფრთის” განცხადება, რომლითაც პარტია იწვევს 17-დან 30 წლამდე ფოთელ ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებში (ექსკურსია, კარაოკე, ფოტოსესია და სხვა) მონაწილეობის მისაღებად.

ჩვენმა წარმოამდგენელმა დარეკა მოსაწვევის ტექსტში მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე. პირმა, რომელმაც ზარს უპასუხა, დაადასტურა, რომ აღნიშნული ღონისძიებებში იწვევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ოთარ ხარჩილავას წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები ან მომავალში ჩაერთვებიან, ხარჯებს კი სრულად „ეროვნული ფორუმი” ფარავს. მისი თქმით, რამდენიმე ასეთი ღონისძიება უკვე ჩატარდა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. „საარჩევნო კოდექსის” 47-ე მუხლის მიხედვით ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).

მივმართავთ საქართველოს აუდიტის სამსახურსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

სხვა ახალი ამბები: