სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით ზუგდიდში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

0

851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, – სუბლიმირებული ხილის საწარმოს – „გემუანი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

საწარმოში, რომელიც წლიურად 22 ტონა სხვადასხვა სახეობის სუბლიმირებული ხილის წარმოებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე – საექსპორტო ბაზრებზე. საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის.

კომპანია, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის – ISO:22000-ს აღებას გეგმავს.
დღემდე, სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით, სამეგრელოს რეგიონში გაიხსნა 20 ახალი და გაფართოვდა 36 საწარმო, რომელთა სრული ინვესტიციის მოცულობა 25 მილიონ აშშ დოლარამდეა.

სხვა ახალი ამბები: