სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი განცხადებას ავრცელებს

0

ჭუბერის სტიქიამ ყველას ერთიანობა და ერთი მიზნისთვის ბრძოლა დაგვანახა. ყველა უწყება კოორდინირებულად, 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რამაც შესაბამისი შედეგი დადო.

ფაქტობრივად ორ დღეში ჩვენ მოვახერხეთ პანელური ხიდის აწყობა და უმთავრესი პრობლემის მოგვარება. ტექნიკამ ნენსკრას მარცხენა ნაპირზე გადასვლა და იქაც აქტიური სამუშაოების წარმოება შეძლო.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში #ჭუბერისთვის თავდაუზოგავად იშრომა.  განსაკუთრებული მადლობის ღირსი არიან  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია, რომელთა გმირული და თავდაუზოგავი მუშაობა ყველას აკვირვებდა. მინდა, მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც ურთულესი სამუშაო შეასრულეს და ორად გაყოფილი ჭუბერი უმოკლეს ვადაში ერთმანეთს დააკავშირეს.

სტიქიის შედეგად ჭუბერში არსებულ ვითარებას პრემიერ-მინისტრი და  მთავრობის წევრები, ადგილზე გაეცნენ და  ყველა საჭირო უწყება ჩართეს, პრობლემის დროული მოგვარებისთვის. სწორედ პრემიერის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა მოსახლეს მთავრობა დაეხმარება, ეს იქნება სახლის აშენება, შეკეთება, შეძენა თუ აშ.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთელი უწყება მინისტრის მეთაურობით ჩართული იყო პრობლემის დროულ გადაწყვეტაში. სამშენებლო ტექნიკა 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა იმისთვის, რომ მდინარეს დამატებითი ზარალი არ მოეხდინა. მათ მოახერხეს ნენსკრას კალაპოტის გამაგრება, გზების შენარჩუნება და ალტერნატიული გზების გაყვანა. ამჯერად სამინისტრო გზებისა და ხიდების პროექტირებასა და მათ უმოკლეს დროში აღდგენაზე მუშაობს.

ბატონი სოზარ სუბარი სტიქიის პირველი დღიდან ჭუბერში იმყოფებოდა და ყველაფერს აკეთებდა სტიქიასთან ბრძოლისთვის. თავდაუზოგავი იყო მესტიის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა, ჭუბერის რწმუნებულის ნინო ვიბლიანის გმირობის ტოლფასი  ქმედებები კი ყველასთვის მისაბაძია.

სტიქიის პირველივე დღიდან ურთულეს სამუშაოებს ასრულებენ “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგად სტიქიის დღესვე აღდგა ელექტრო ენერგიის მიწოდება მდინარე ნენსკრას მარჯვენა მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის.

ჭუბერის სტიქიამ განსაკუთრებული ერთიანობა დაგვანახა. სტიქიის პირველივე დღიდან გვერდში გვედგნენ ჩვენი რეგიონის  მუნიციპალიტეტები, ორგანიზებულად ახდენდნენ პროდუქტის, მედიკამენტების და პირველადი მოხმარების ნივთების მობილიზებას.

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის პროდუქტს, პირველადი მოხმარების ნივთებს და მედიკამენტებს სხვადასხვა ორგანიზაციები აგზავნიან, მათ შორის: თბილისის, ზუგდიდი, ფოთის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკის, ხობის, მარტვილის და აბაშის მერიები, ფოთის საკრებულო,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია,  ენგურჰესი, ნენსკრა ჰიდრო, გორმედი, გალფი, ფარმადეპო და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, შპს „ბერვილი ჯგუფმა“, შპს „აგრიკომმა“ და შპს „ცერერამ“ დაზარალებულ მოსახლეობას 300 ტომარა ხორბლის ფქვილი გადასცა. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს.

ჩვენ არცერთი წუთით არ მიგვიტოვებია ჩვენი მოქალაქეები უყურადღებოდ,  შტაბის წევრები, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამაშველო სამსახურის დახმარებით ურთულეს გზებს გადიოდნენ, რათა ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებ მოქალაქეებს საკვების, წყლის  და პირველადი მოხმარების საგნები არ მოჰკლებოდათ.

ურთულესი სამუშაოს შესრულება უწევდა მედიას. ხშირად საკუთარი სიცოცხლეს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ ჟურნალისტები და ოპერატორები, რათა ჩასულიყვნენ სტიქიის ზონის ყველა სოფელში, მისულიყვნენ სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებთან და საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ სწორი ინფორმაცია. მადლობა მედიას ურთულეს დღეებში ჭუბერის გვერდით დგომისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა უწყებას და ადამიანს ვინც ჩართული იყო ჭუბერის სტიქიის დროს პრობლემების მოგვარების საქმეში და ეხმარებოდა მოსახლეობას.