სამეგრელოს გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის უჩივლეს

0

ტელეკომპანია “ოდიშის” 10 პროცენტიანი წილის მფლობელმა, კიმ კიმ ხაიმ ზუგდიდის პოლიციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველ მოადგილეს, ამჟამად “ენგურჰესის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ალექსანდრე ახვლედიანს ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე უჩივლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS-ს თავად კიმ კიმ ხაიმ განიცხადა. მისი ინფორმაციით, ალექსანდრე ახვლედიანმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და მართლმსაჯულება შეცდომაში შეიყვანა.

“იმ შეხვედრაზე, რომელსაც დაახლოებით ხუთი-ექვსი ადამიანი ესწრებოდა, იყო ალექსანდრე ახვლედიანიც. ამ შეხვედრაზე განიხილებოდა სწორედ ჩემი 10 პროცენტიანი წილის ამბები ტელეკომპანია ოდიშში, რომელიც თაღლითურად წამართვა ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა და ტელეკომპანია “ოდიშის”ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალექსანდრე ქობალიამ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პირებმა აღიარეს ეს ფაქტი და დაადასტურეს თუ რა საკითხი განიხილებოდა ამ შეხვედრაზე, ალექსანდრე ახვლედიანმა კატეგორიულად უარყო და განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ წილების ამბავი საერთოდ არ განუხილავთ. ამიტომაც მე მმას ვუჩივლე ცრუ ჩვენების გამო, რომელიც დასჯადია”-აცხადებს კიმ კიმ ხაი.

აღნიშნულ საჩივარს ზუგდიდის პოლიციაში, გამომძიებელი ლევან თოდუა განიხილავს. SMO NEWS-თან სატელეფონო საუბრისას თოდუამ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ცრუ ჩვენება მოწმის ან დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს ან სასამართლოში სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული დანაშაულისთვის მძიმდება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში (→ დანაშაულის კატეგორიები). აღნიშნულ შემთხვევაში დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ცრუ ჩვენებასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის დაწესებული ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემისთვის და ასევე თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნისთვის.

სისხლის სამართლის კოდექსის 3481-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას წარმოადგენს აგრეთვე ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა, ექსპერტის მიერ ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემა და თარჯიმნის მიერ განზრახ არასწორად თარგმნა. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ან ადმინისტრაციული წარმოების დროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნებაყოფლობით განაცხადებს მის მიერ ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ.

ცნობისათვის, ტელეკომპანია “ოდიშის” საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო 17 ივლისს განიხილავს.

სხვა ახალი ამბები: