სამეგრელოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 19 ივნისს სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს და სამკაულები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა, ასევე, დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიმდინარე წლის 28 მაისს მარტვილში 2 მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დააყაჩაღეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 3 ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.