სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია გაიმართა

0

13 მაისს, ექსპო-ჯორჯიაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რიგით მეექვსე კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი და სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” დირექტორი მარინა უშვერიძე.

ფორუმის მონაწილე, საქართველოს ყველა რეგიონის 300 პედაგოგი, სამოქალაქო განათლების სფეროს სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცნო. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის და მათთვის საინტერესო სხვა რესურსების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას, სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალის დროს სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გადაეცათ ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო – მადლობის სიგელი და „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” პრიზი. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს N2 საჯარო სკოლის პედაგოგს ლანა ხოფერიას გადაეცა.

რეგიონის წლის წარმატებული პედაგოგი ჯილდო თეკლათის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაკა ფაცია მიიღო, ხოლო რეგიონის წლის კლუბის მეურვის ჯილდო, ჭაქვინჯის საჯარო სკოლის პედაგოგს ლუიზა ძიმისტარაშვილს გადაეცა. სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთის სპეციალური სიგელი ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგს ქეთევან კიტიას გადაეცა, ხოლო ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე მაგდალინა თოდუა. კონფერენცია-გამოფენა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში.

პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).სამეგრელო ზემო-სვანეთში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია „ათინათი“

სხვა ახალი ამბები: