სანდრა რულოვსს ზუგდიდში “ორგანოებით მოვაჭრე” უწოდეს – ინციდენტი ჯიხაშკარში (ვიდეო)

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკაარში სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა. შეკრებილებთან რამდენიმე ახალგაზრდა მივიდა და ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს ორგანოებით მოვაჭრე უწოდეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ჰოლანდიელი სანდრა რულოვსის კანდიდატურა მათთვის, როგორც ზუგდიდელებისთვის მიუღებელია.

უცნობმა პირებმა ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სცადეს.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა გვასალიამ “Newsportal.ge”-სთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ინციდენტში მონაწილე ორი პირი მმართველი გუნდის მხარდამჭერია, თუმცა იქვე განმარტავს, რომ ისინი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები არ არიან.

„როგორც მითხრეს, ეს იყო პროტესტი იმ ხალხისა, რომელსაც „ნაც.მოძრაობა“ 9 წლის მანძილზე აწვალებდა და აწუხილებდა. თავისთავადია, ბუნებრივი რეაქცია იყო და არ უნდა გაუკვირდეთ „ნაცებს“ და საზოგადოებას, შეიძლება ისევ განმეორდეს მსგავსი რამ, ვეცდებით, რომ არ მოხდეს, მარა ბუნებრივია მოხდება კიდევ, იმიტომ რომ ამათ დააავიწყდათ, რომ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ხალხს, ხალხს კი ეს ახსოვს.

სამწუხაროა, რა თქმა უნდა, რაც მოხდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამნაშავე რეჟიმი, პარტია, რომელიც იმსახურებს სწორედ ასეთ რეაქციას საზოგადოების მხრიდან. როგორც მითხრეს, იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები, შტაბში რომ დავბრუნდები გავარკევ, თუმცა როგორც ვიცი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არ არიან. მათავარი ერთი რამაა, ჩვენი მხარდამჭერები იქნებიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს „ქართულ ოცნებას“ მხარს.

იმის გამო რომ ჩენი მხარდამჭერები არიან, არ აქვთ უფლება პროტესტის გამოხატვის? არიან ჩვენი მხარდამჭერები ეტყობა და ღმერთმა ხელი მოუმართოთ, თუმცა მაინც მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან“, – აცხადებს გვასალია.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს სამსახურის თანამშრომელი მერი შენგელაია. შენგელაიას განცხადებით, გარდა ერთი პირისა, სხვა დასახელებული პირები საკრებულოს თანამშრომლები არ არიან და არც “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები.

“ბერდია კუკავა არის ჩვენი თანამშრომელი, თუმცა დღეს იმყოფებდა კუთვნილ შვებულებაში და ჩენ ვერავის ვერ შევზღუდავთ იმაში, თუ სად წავა, როდის წავა და სად დააფიქსირებს საკუთარ აზრს”, – განმარტავს მერი შენგელაია.

სხვა ახალი ამბები: