საქართველოში მეორე ტექნოლოგიური პარკი ზუგდიდში გაიხსნა

0

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დღეს, 3 ოქტომბერს, ზუგდიდში (პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენცია, ლაღიძის 1) ტექნოლოგიური პარკი გახსნა. ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი იყო როგორც სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი), ისე სასწავლო ცენტრი, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები, რეკრეაციული სივრცე და სხვა სერვისები, რომლებიც ქმნიან ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს უწყობენ ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს რეგიონში ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების დაარსებაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

ზუგდიდის ტექნოპარკი მოიცავს ისეთ ინოვაციურ სერვისებსა და სივრცეებს როგორებიცაა FabLab- სერვისები:
მოდელირება, მატერიალიზაცია, ტრენინგები, კონსულტაციები, სტადი ტური, საერთო სამუშაო სივრცე ძლიერი კომპიუტერული ტექნიკით.

ზუგდიდის ტექნოპარკისთვის სამუშაო კადრები ადგილობრივად, კონკურსის წესით შეირჩა, მენეჯერები და ტექნიკური სპეციალისტები გადამზადნენ თბილისის ტექნოპარკსა და ტრენინგები გაიარეს სხვადასხვა ლაბებში.

ზუგდიდში ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა თუ ადგილობრივ მთავრობას, გამოიყენონ აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია ადგილობრივმა დამწყებმა ბიზნესმენებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპები, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ კომპანიად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ. ტექნოლოგიური პარკი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის. წვდომა ტექნოლოგიებზე ნიშნავს მის პროგრესზე ფეხის აწყობას, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

ტექნოპარკი არის უნიკალური შესაძლებლობების სივრცე, პროგრესული წინსვლის საშუალება, მომავლის პროფესიების ფორმირების ადგილი და ინოვაციური ბაზრის გაფართოების პლატფორმა.

ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდება პროგრამირების, დიზაინის, მეწარმეობის და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ტრენინგები. ამას გარდა, აქცენტი გაკეთდება დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიაზე, ტექნოპარკის ყველა ღონისძიება პირდაპირი ეთერით ინოვაციის ცენტრებში გადაიცემა, შესაბამისად მსურველებს საშუალება ექნებათ ვირტუალურად დაესწრონ ყველა ღონისძიებას, დასვან კითხვები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში.

ზუგდიდის ტექნოპარკი შენდება მსოფლიოში და უკვე საქართველოში საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, ტექნოლოგიურ პარკში თავს მოიყრიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთში გაცვლიან ინოვაციურ იდეებს და მოახდენენ ამ იდეების კომერციალიზაციას. ტექნოლოგიური პარკი, ერთი მხრივ, ბიზნეს მისცემს უახლეს ტექნოლოგიებთან წვდომის შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ნიჭიერ ადამიანებს ხელს შეუწყობს იდეების კომერციალიზაციაში მსოფლიოს უმსხვილეს და ცნობილ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში.
ტექნოლოგიური პარკის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს სფეროსთვის, სადაც მათ მაქსიმალური შესაძლებლობები ექნებათ გასავითარებლად. ბიზნესის განვითარებისთვის ყველა პირობა შექმნილია ერთ სივრცეში, სადაც უამრავ საჭირო და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს, როგორც დამწყები ისე მსხვილი ბიზნესი. ტექნოპარკი აკავშირებს საჭირო სფეროებსა და პროფესიონალებს ერთმანეთთან და ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან პროდუქტს. ამ სივრცეში იბადება ინოვაციური იდეები, რომლითაც მიიღწევა წარმატება.

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

“საქართველოსთვის დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დგას ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარება. ეს მიმართულება მთვარობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საააგენტო და ტექნოპარკი სწორედ ამ გეგმის ფარგლებში შეიქმნა, და იმ მიზანს ემსახურება, რასაც ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური მაჩვენებლის განვითარება ჰქვია. ტექნოლოგიურ პარკში ჩვენ ვცდილობთ ჩვენი საქმიანობით მივუახლოვდეთ მსოფლიო მასშტაბებს და დავიმკვიდროთ თავი. გახდეთ საინტერესო უცხოური ინვესტიციებისათვის და განვავითაროთ ქვეყანაში ბიზნეს სექტორი, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“- აცხადებს საქართვეოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე

სხვა ახალი ამბები: