სენაკის მერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს (LAG) და სენაკის სათემო განათლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს სენაკის მუნიციპალიტეტის ყოფილი სამხედრო აეროდრომის მოსამსახურეთა დასახლებაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შესაბამის სტანდარტებთან მოყვანასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემის ადვოკატირებისთვის შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში და აღნიშნა, რომ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო (LAG) წარმოადგენს ქოლგა ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოში ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) საინფორმაციო, საკონსულტაციო და იურიდიული დახმარების პროგრამის (ICLA) ფარგლებში 2002 წლიდან მუშაობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეყნის 6 რეგიონში (სამეგრელო, იმერეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო და შიდა ქართლი) დანიის ლტოლვილთა საბჭოსა (DRC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრთან ,,აფხაზეთი’’ ახორციელებს ერთობლივ პროექტს ,,სამართლიანი საზოგადოებისთვის’’. პროექტის მიზანია რეგიონული, სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით. პროექტის მხარდამჭერია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი (CISU).

სხვა ახალი ამბები: