სენაკის მერი ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის ერთობლივ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს შეხვდა

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიისა და ნოქალაქევის ქართულ-ბრიტანული ექსპედიციის ერთობლივ პროექტში – ,,ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო სკოლა’’ ჩართულ მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხვალიდან, ერთი თვის განმავლობაში, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები და სტუდენტები ჩაუტარებენ გაკვეთილებს ინგლისურ ენაში. ამასთან, იგეგმება სხვადასხვა აქტივობები – საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არქეოლოგიურ გათხრებში, ჩაუტარდებათ ტრენინგები არქეოლოგიაში, მოეწყობა ექსკურსიები სენაკელი და უცხოელი ახალგაზრდების ჩართულობით. ასევე, დაგეგმილია ამხანაგური მატჩი ფეხბურთში.

მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდებთან საუბრისას ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებას, ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის, როგორც ჩვენი ქვეყნი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ცენტრის სიღრმისეულ შესწავლას და სენაკელი და ბრიტანელი ახალგაზრდების ინტეგრირებას, რაც, შესაძლოა, სამომავლოდ ერთობლივი ინიციატივების საფუძველი გახდეს.