სენაკის მერიასა და People in Need-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

0

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია People in Need-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი მუნიციპალიტეტში პროექტის – ,,ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით’’ განხორციელებასთან დაკავშირებით. პარალელურად, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

მივესალმები პროექტს, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების გათვითცნობიერებასა და გააქტიურებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ მნიშვნელოვან საქმეში – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა პრეზენტაციაზე.

პროექტის დაწყებამდე გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, შეირჩევა სამი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს პროექტს. მეორე საგრანტო სქემა განსაზღვრულია უშუალოდ ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.

პროექტი ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია 1.მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგია; 2. ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის.

პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, 22 თვიანია და დასრულდება 2019 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებების ფორუმით.