სენაკში II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური დღეს წარუდგინეს

0

დღეს, სენაკის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე წარუდგინეს. ახალ მეთაურს დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა დროშა.

დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, სენაკის შს სამმართველოს უფროსი, პოლიციის მაიორი ირაკლი ფაცაცია და დასავლეთ სარდლობის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ ძირითადი სამხედრო განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც ოცმეთაურის, ასმეთაურის და ბატალიონის მეთაურის კურსები გაიარა. ასევე დამთავრებული აქვს თურქეთის ომის კოლეჯი.

II ქვეითი ბრიგადის ახალი ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს „ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“. დღემდე II ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე ასრულებდა.