სენაკში იუსტიციის სახლი შენდება

0

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ყოფილი ღვინის კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე, ელიავას 23-ში, იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. მათ ადგილზე განიხილეს მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის შენობის კარკასისა და საძირკვლის მოწყობა დასრულებულია და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები.

სსიპ ,,იუსტიციის სახლის’’ სენაკის ფილიალის შენობა 587 კვ. მეტრი იქნება და 5965 კვ. მეტრის ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის მიხედვით, რომელიც არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის, იგი თავისი ინდივიდუალური სტილით ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა იქნება, რომელიც არქიტექტურულად და ფუქნციურად გაამშვენებს და ამასთან, გააფართოვებს ქალაქის არეალს.

იუსტიციის სახლის კონცეფციის შესაბამისად, სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას სენაკელებიც შეძლებენ.

იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სს ,,იმერეთი’’ ახორციელებს, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.