სენაკში ქუჯისა და ფარნავაზის ძეგლი აღიმართება

0

ქვეყნის ერთიანობის იდეის განმასახიერებელი ქუჯისა და ფარნავაზის მონუმენტის შექმნასა და მისი აღმართვის ლოკაციის შერჩევასთან დაკავშირებით, სენაკს ხელისუფლების, არქიტექტორებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფი ეწვია. აღსანიშნავია, რომ მის ხორცშესხმას ცნობილი მოქანდაკე გია ჯაფარიძე ახორციელებს. უკვე შექმნილია უაღრესად პოეტური ქანდაკების მცირე კომპოზიცია, რომელიც საერთო მოწონებას იმსახურებს და ერთგვარი მონახაზია მომავალი სკულპტურისა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ლაშქარავამ სტუმრებთან ერთად ქალაქის ცენტრალური მოედანი დაათვალიერეს, სადაც სავარაუდოდ აღიმართება ქუჯისა და ფარნავაზის ძეგლი.

მუნიციპალიტეტის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების მხარდაჭერით სარგებლობს, საქართველოს ერთიანობის მსოფლიო მასშტაბით უანალოგო იდეის სკულპტურაში ხორცშესხმით, მიზნად ისახავს, დღევანდელობაში, 23 საუკუნის შემდეგ, ახალი ძალით გააცოცხლოს და სწორედ სენაკიდან დაუდოს საფუძველი ქვეყნის მომავალ გამთლიანებას.

დღესვე სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუჯის სამეფო ქალაქი – ციხე-გოჯი და ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაათვალიერეს. ,,საუკუნის პროექტად’’ წოდებული ნოქალაქევის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.

სხვა ახალი ამბები: