სენაკში რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

0

დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას.

10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, სწორედ სენაკმა იწვნია ყველაზე მძიმედ. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, მაგრამ ყველაფერზე მტკივნეული ადამიანთა მსხვერპლი იყო. ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ბატალიონის მებრძოლები: ლევან თეფანია და თემურ ბოკუჩავა, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. იყო მსხვერპლი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის დაბომბვისას.

ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, აგვისტოს მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. შემკობის შემდეგ, წმ. იოანე ნათლისმცემლის სენაკის საკათედრო ტაძარში გადახდილ იქნა აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.