სენაკში წინასაარჩევნოდ სერიოზულ კანონდარღვევებზე საუბრობენ

0

არასამთავრობო ორგანიზაციებმა #64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კანონის დარღვევა გამოავლინეს. ამასთანავე, არასამთავრობოები სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საარჩევნო უბნების შენობების შერჩევისას გამოვლენილი მიკერძოების  ფაქტებზე საუბრობენ.

“ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იყო (ბოლო ვადა 19 აგვისტო) დაეზუსტებინა საზღვრები, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე, საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხა და მისამართები, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხა და მისამართები, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის.

#64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომა გამართა 16 აგვისტოს, მაგრამ მას არ დაუმტკიცებია იმ შენობების ნუსხა სადაც უნდა გაიმართოს არჩევნები, რითაც უხეშად დაირღვა საარჩევნო კოდექსის ნორმები და ვადები. ამდენად, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს ძველის შენობების ჩამონათვალი სადაც გაიმართება არჩევნები”-ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების დასკვნაში.

ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილით თუ რამ გამოიწვია საარჩევნოდ გამოსაყენებელი შენობა-ნაგებობების ნუსხაში ცვლილებების შეტანა.

აღნიშნულზე სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აცნობა მათ, რომ სს ,,გერგეზმა“ საუბნო საარჩევნო კომისიის განსათავსებლად შესათავაზა მათ საწარმოო კორპუსის პირველი სართული, რითაც გაამართლა საარჩევნო უბნის #3 საბავშვო ბაღში გადატანა, სადაც ფართი არასაკმარისია და არაკომფორტულია საარჩევნო უბნის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სექტემბერ-ოქტომბერში  საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ხოლო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში სწავლის პროცესი საერთოდ იქნება პარალიზებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ცვლილება ხდება იმ საბაბით, რომ სს ,,გერგეზმა“ გამგეობას საარჩევნო უბნის განსათავსებლად შესთავაზა მხოლოდ ,, საწარმოო შენობის პირველი სართული და არა ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული“, მაშინ როდესაც, სს,,გერგეზის“  წერილში საარჩევნო უბნის განსათავსებლად შეთავაზებულია ფართი ,,როგორც სს ,,გერგეზის“ საკუთრებაში არსებულ  ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე საწარმოო შენობის პირველ სართულზე“, სადაც წლების განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებდა საარჩევნო უბანი (არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ წერილს ასლს თან ურთავენ).

“ნათლად ჩანს, რომ გამგეობა თავის გადაწყვეტილებაში აშკარად მიკერძოებულია, რის დამტკიცებაც ადვილად შესაძლებელია მდგომარეობის ადგილზე გაცნობით. აგრეთვე,  #41 საარჩევნო უბანი  წლების განმავლობაში განთავსებული იყო სოფლის ცენტრში არსებულ საბავშვო ბაღში, რომლის შენობაც ამჟამად გარემონტებული და კეთილმოწყობილია და ფართიც საკმარისია ბაღის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის.

მაგრამ გამგეობის და ოცნების შტაბის გაუგებარი ახირებით საარჩევნო უბნის გადატანა უნდათ გოლასკურში, რომლის კომისიის შემადგენლობა,  დაკომპლექტდა ოცნების აქტივისტის ვინორი წურწუმიას ნათესავებით, ახლობლებით და მეზობლებით, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად.

ამასთან, 49 კვ.მ ფართი, რომელშიც აპირებენ საარჩევნო უბნის განთავსებას, კაპიტალურად შესაკეთებელია და არასაკმარისია კომისიის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის. გარდა ამისა, შენობაში ცხოვრობს მრავალსულიანი ოჯახი, რომელიც წინააღმდეგია იქ საარჩევნო უბნის განთავსებისა”-აღნიშნავენ სენაკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და დასძენენ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მაინც მიიღო მიკერძოებული გადაწყვეტილება ამ ფართებში საარჩევნო უბნების განთავსების შესახებ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ სენაკში აშკარად ემზადებიან არჩევნების გასაყალბებლად.

 

სხვა ახალი ამბები: