სისხლის უანგარო დონორობის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

0

სისხლის უანგარო დონორობის თემაზე საინფორმაციო კამპანია გრძელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს-სექტორის და სახელმწიფო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების მიმღები პირები დაესწრნენ. სპეციალური ტრენინგის მიზანია ფართოდ გავრცელდეს ინფორმაცია უანგარო დონორობის თაობაზე და სხვადასხვა უწყებებმა მიიღონ ინფორმაცია, როგორ უნდა ჩაებან უანგარო დონორობის ღონისძიებებში კორპორატიული ღონისძიებების დაგეგმვის გზით.

“ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ვატარებთ არამხოლოდ სისხლის ბანკების დასახმარებლად და საჭირო რესურსების მოსაზიდად, არამედ საზოგადოების ცნობიერების დონის ასამაღლებლადაც. ვხედავთ, რომ ყოველი ჩვენი აქტივობის შედეგად ადამიანებს უჩნდებათ სურვილი გახდნენ უანგარო დონორები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საქმე, რომელსაც ვემსახურებით, სწორად ვითარდება. განვითარების ეს ტემპი ცხადია, შენარჩუნდება და არ გავჩერდებით მანამ, სანამ საქართველოც არ ჩაიწერება იმ ცივილიზებული ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც სისხლის პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა უანგარო დონორობით არის შეგროვებული”,- განაცხადა ორგანიზაცია “არტინფო-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ზედელაშვილმა.

უანგარო დონორობის პროგრამას დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია “არტინფო საქართველო” ახორციელებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უანგარო დონორობის შედეგად მიღებული სისხლის პროდუქტები ბევრად უფრო უსაფრთხო და დაცულია. ქვეყანაში 12 სახელმწიფო სისხლის ბანკის დასახმარებლად კი სისხლის უანგაროდ ჩაბარების ღონისძიებები სხვადასხვა ორგანიზაციაში და სპორტულ დაწესებულებებში ტარდება. გასულ თვეში ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადეს სარაგბო კლუბ “ყოჩების” წევრებმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის მხარდასაჭერად სისხლი ჩააბარეს.

სისხლის უანგაროდ გასაღებად ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს ვებგვერდზე http://donori.ncdc.ge და გადაურჩინოს სიცოცხლე თანამოქალაქეებს, ვისაც სისხლი ჭირდება.

სხვა ახალი ამბები: